სამშაბათი, 30.05.2017, 16:05 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 4 » გიორგი ლეონიძე - მარიტა
გიორგი ლეონიძე - მარიტა
16:34
ვის არ უყვარს მზე?

მზეს ესწრაფვის დიდი არწივი, პატარა ტოროლაც, “ცას წავალო“ რომწკრიალებს ყოველ დილით, აექანება ცისკენ მთროლარი ფრთებით.

პირველ რიგში ბროწეულს უყვარს მზე!

როგორ მწვავს ბროწეულყვავილის ნაელვები გამოსხივებანი!

მიყვარს ცეცხლური ყვავილი, მზიანეთის სხივმფენარა ალნაკადი ოქრომდინარი, სეფესანთელივით რომ ბრდღვიალებს; მიყვარს მისი გულის ავსებულობა! თითქოს მზე სავსებით შეუწოვიაო.

არა, არა მჯერა, რომ იგი სხვა ყვავილივით დასჭკნეს როდესმე ჩამოსცვივდეს, განქარდეს, ამტვერდეს! არა, არა მჯერა!

მზის ნაბადებია; მის კოკორში დაგუბებული სხივთანაგალობარი; შიგ ჩაწერილია ანკარა სხივთა რაკრაკი; მზისობა უჩანს თითოეულს ნაკვთში.

ყვავილი კი არა, მზის ნაკადულის კამკამია! - ასე იტყვის გულისხმისმყოფელი!

ბუნების ასეთივე საჩუქარი იყო, ჩემს ოცნებას რომ შემოჰხვევია ბროწეულყვავილივით, - მარიტა! ნათლით სავსე, ღიმცრისკროვანი ყვავილი ჩემი ყრმობისა!

მარიტა!

მარიტა - თითქოს მზე ჩამოვარდნოდა!

ქალი კი არა, - მთვარის გამოახლება იყო!

მარიტა – ჩემი ყრმობის მეგობარი! ქალებში – დედოფალი.

- შენ „მზევარ“ უნდა გერქვას, „მზევინარა“, ბევრს უთქვამს მარიტასათვის.

მარიტას მერე , მე აღარ გამკვირვებია არც ყინწვისის ღვთაევრივი ფრესკა, არც არმაზელი ტურფა სერაფიტა.

- ვისაც ღმერთი არ გინახიათ, მოდით და ნახეთ მუხათწყაროში! გადამეტი არ გეგონოთ და მარიტას მშვენების სამზერად საგანგებოდ მოდიოდნენ მეზობელ სოფლებიდან. მოდიოდნენ და უყურებდნენ.

- რამ წარმოქმნაო? - ჰკვირობდნენ.

მართლაც, ხეობის თვალი იყო მარტა.

ახლაც ჩემს თვალწინ დგას ალმასური სახე, მწყაზარი. მოციმციმე ტრედონა, წყნარი, როგორც მაისის თეთრი წვიმა, ქალი – მტრედივით შემკობილი, ჩაკდემით მოსიარულე; ნაზი, როგორც ნიავი, ვერხვში შეხიზნული.

მართლაც , პირმეტყველი სამოთხე იყო მარიტა!

გიოცნებია ნუკრის თვალებზე? გყვარებია მერცხლიანი თვალები? ძვირფასი სახის დამარმარება? მარიტას სახე – მართლაც სინათლე იყო! ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა მისი სილამაზე!

მარიტა ცისარტყელასავით დადიოდა სოფლის ორღობეში, თუმცა ორშაურიანი ჩითის კაბა ეცვა! რა უცნაურია ბუნება! როგორ იცის ზოგჯერ უხვად დასაჩუქრება!

მარიტას სულის მშვენიერაბა აღემატებოდა მის გარეგან სილამაზეს. გულში ია ამოსდიოდა !

თვითონვე გრძობდა მარიტა ბუნების მიერ მომადლებულ ნიჭს, გულში მადლიერობდა, რომ მშვენიერების ღირსი გახადა ბუნებამ და ამ ნაჩუქარ დიდებულ განძს, თავისი ზნეობითაც უვლიდა, ნაზად და სათუთად უვლიდა...იცოდა რომ უხვად იყო დასაჩუქრებული! იცოდა, აფასებდა, უფთხილდებოდა!

რამდენ ვაჟს უნატრია: ნეტამც შვილად გავჩენოდი შენს დედამთილსო!

-ახ, ვინ ბედნიერი გაისაკუთრებს?ვინ იქნება მისი მისი მკუთვნელიო?

_გლეხის ქალი და ეგრე ლამაზი?

_განა ეთერიც გლეხის ქალი არ იყო, უღარიბესი მეწისქვილის ასული, მეფისწული აბესალომი რომ ეტრფიალა?

ჩემი სახლის გასწვრივ მოჩანდა ჩაჩიკას ქოხი, ვეება ლეღვის ხეს გამობმული! ამ ქოხი შვილი იყო მარიტა! _ჩვენი ნათლული და ჩემი მეგობარი; დედით ობოლი, დიდედა ლელაურის მუხლქვეშ გაზრდილი.

მაშინ ის პატარა გოგო იყო, მეც მისი ტოლი ბიჭი ვიყავი!

ენკენისთვის მიწურულები იყო, როცა ყურძნები დაკრეფილია, ქვევრები ნიგვზის ფოთლებითა და აყალოთი ახლად არის წახურული, ეზოებში კი მოდებულია ბრელო ახლადმოჭრილი სიმინდისა. ამ დროს მოყვითლული დღეები კელაპტარივით იწვიან. ჰაერი გამჭირვალეა, ცა ლურჯად ჩამდნარი, უციაგესი...

უჩუმრად იდგნენ ცივ_გომბორის მთები, ჩემი მშობელი მთები. ქვევით იორი ლაპლაპებდა ომში ამოღებული ხმალივით. ივრის ხასხასა ჭალები ნოყივრად შრიალებდნენ. უბნის გოგო - ბიჭები ჰაერში გაბმულ “ირმის დორბლებს“ ვიჭერდით, დავკუნტრუშობდით, ვღეროდით.

უეცრივ, ჩვენს ეზოში შემოვიდა შუახნის, შეჭაღარავებული ცხენოსანი, უნაგირზე პატარა გოგო შემოესვა - მარიტა.

ყვითელი აბრეშუმივით თმა_კულული... ლურჯი თვალები....ისე ვიგრძენი, თითქოს ჩვენს ეზოში ია შემოვიდა შემოვიდა და შემოეფინა... მე შევდექი და გაკვირვებულმა ცქერა დავიწყე მერე მოწიწებით მივუახლოვდი, ხმის გაცემა გავბედე და... მალე ერთად ვთამაშობდით მე და მარიტა!

ახლად დაქვრივებული ჩაჩიკა ჩვენსას სტუმრად მოსულიყო თავისი დაობლებული პატარა გოგოთი. მალე მარიტას ნადედობიც გამოჩნდა-დიდედა ლელაური!

დედაჩემს ძალზე გაეხარდა ნათლულის ნახვა. კარგადაც დახვდა. მთელი დღე ჩვენთან დაიმყოფეს მარიტაანთ. მეორე დღეს, ჩაჩიკა სიდედრის ქოხში

ჩასახლდა.

იმ დღიდანვე მუშაობას შეუდგა შრომამოუწყენელი ჩაჩიკა თავისი სიდედრის, მამულში, თვითონ არაგვიდან იყო, ცოლი რომ მოუკვდა, იქ ვეღარ დადგა, ცოლის სიყვარულით მის სოფელს შემოეხიზნა.

მშვენიერი ვენახიც გააშენა! სულ ერთთავად შიგ მუშაობდა! მეზობლები დიდ პატივსა სცემდნენ შრომისათვის:

-სირცხვილია, ჩაჩიკას ღვინო საქეიფოდ დაილიოს, წამლად უნდა მიიღო და წვეთეულად იხმაროო!

ღარიბი იყო ჩაჩიკას ოჯახი, თუმცა ჩაჩიკას გარდა დიდედა ლელაურიც მხნეობდა.

წერა-კითხვაში გაწაფული მარიტა ახლა სხვას ასწავლიდა ანაბანას დიდის

გულმოდგინებით. რომ წამოიზარდა, საოცარი ხალიჩის მქსოველი დადგა! გაზაფხულის ყველა ფერით ხალიჩას ჰქსოვდა, გამოცდილ ოსტატივით!

მეც იმ დროებში დავიწყე ლექსების წერა. ორივემ ვიგრძენით, რომ ხელოვანნი ვიყავით და ალბათ ამიტომ სულის თვისტომები გავხდით... შეიძლება ესეც იყო ცჩვენი ასე დამეგობრებისა; მაგრამ, მაშინ რომ ჩემთვის გეკითხათ, გეტყოდით, რომ მიზეზი,- მარიტას უნაზესი ხმა იყო და კდემამოსილი სახე, თანაც უჩვეულო, ქალწულებრივი სიმშვიდე.

რატომღაც ზედმეტად სჯეროდა ჩემი პოეტობისა:

-მომეცი შენი ლექსი, ამ ფარდაგზე ამოვქსელო! - მეხვეწებოდა, - აქეთ-იქიდან კი, ვარდებს ამოუქარგამო.

მაგრამ სად მქონდა ისეთი ლექსი, რომ ღირსი ყოფილიყო მარიტას გულისყურისა თუ მისი თითების შრომისა?

ახლაც კი ვერ დავარწმუნებდი მარიტას,რომ მის მიერ ხალიჩაზე ამოქსოვის ღირსი ლექსი ჯერაც არ დამიწერია!

ერთხელ, ჩემი მასწავლებელი, კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი, ჩამაცივდა:

_ჩქარა “საქართველოს ჰიმნისათვის“ ლექსი დამიწერეო! მალე გავთავისუფლდებით და ჰიმნი დაგვჭირდებაო!

ეტყობა, სულხანიშვილს მარიტასათვის სჯეროდა ჩემი ნიჭისა!

ცხადია, თავი ხიფათში არ ჩავიგდე და კისრად ვერ ვიდე მუსიკოსის დავალება, ისევე როგორც მარიტას თხოვნა.

ეს იყო 1916 წელს,რევოლუციის წინა წელიწადს!

საოცარია,როგორც მარიტა და ნიკო სულხანიშვილი მთხოვდნენ დაჟინებით ლექსს, ისე ჩემთვის აღარავის არ უთხოვია ლექსი, არც ერთ რედაქტორს, არც ერთ თაყვანისმცემელს!

საოცარი მშრომელი იყო ჭირდებული დიდედა ლელაური, მარიტაც მას მიემგვანა, მასაც სწყუროდა ცხოვრების წმინდა წყაროს წყალი!

მარიტა შრომაშიც ფაქიზი იყო, მუდამ ფურფუშებით და ფანცი_ფუნცებით მორთული წინსაფარი ჰქონდა აკრული__მარწყვის ყვავილით მოჩითული.

საშინლად მეცოდებოდნენ “მეთავთავე ქალები“თუ ბალღები. მკათათვის სასტიკ სიცხეში ტვინი უნდა აედუღებინათ ცხარე მზის გულზე! წაღუნულებს, სისხლდაწკრეტილებს, ნამგლისაგან გაბნეული, დანარჩენი თავთავი უნდა მოეკრიფათ. წინსაფრით შინ ეზიდებოდნენ.

ეს მათი წლიური სარჩო იყო, ხოლო თუ ქალს ქმარიცა ჰყავდა, ეს მონაკრეფი თავთავი მაინც მისი პირადი ქონება იყო, ქმარი ვერ შეეხებოდა, ამას მიუმატებდნენ კალოს გალეწილ ჯელჯს და ბოლოს საკუთრად ლეწავდნენ. ამ პაპანაქებაში, სიცხეში, საშინელი ჯაფით შეგროვილი გროშებით ქალს შეეძლო მეწვრილმანისაგან ქმრის დაუკითხავად ეყიდა თავიჩითი საკაბე თუ ბამბაზია, საკუთრივ ან თავის შეუმოსავ ბავშვებისათვის.

მკათათვის დილიდანვე სამკალში გაშლილ დედაკაცებში ჩადგებოდა მარიტა და გულმოდგინედ ჰკრეფდა დაბნეულ თავთავს. მე ვერ ვიტანდი მარიტას სიცხიგულზე შრომას და ვეშველებოდი. ბევრჯერ დედაჩემი გამჯავრებია, მზე არ ჩაგვარდესო, მაგრამ თავთავებზე წახრილ მარიტას არ წავხმარებოდი, არ შემეძლო.

-წადი, გენაცვალე, არ დაისიცხო! - წყნარად მეტყოდა მარიტა და მისი უნაზესი ხმა უფრო მაბამდა იმ ადგილს, სადაც მარიტა ჰკრეფდა თავთავებს, ვიდრე მზის შუქი ჩაიკრიფებოდა.

იწვოდა დუბიანი, მზისაგან დამწვარი წითლობი; შორს ჰმშვენოდნენ გრილი ბაღნარები; მაგრამ საგრილობელი, ჯავრიანი ხეები მარიტასთვის არ შრიალებდნენ.

საღამოთი, სახემტკბარი მარიტა გამობრწყინდებოდა თავის დერეფანში, სულაც არ ეტყობოდა მთელი დღის დაღლილობა. პირმოოქროვილი დეიდა ლელაური წადიერებით ეალერსებოდა საყვარელ შვილიშვილს.

-ჩემო სპეტაკო შროშანავ, ჩემო ბამბიქულავ! რად გინდა მზითევი? შენი მზითევი-შენი აბრეშუმივით გადავარცხნილი თმებია!-ეტყოდა დიდედა.

-შენი მზითევი- შენი იისფერი თვალებია!

-მთვარისპირავ, შენი გულ-მკერდის ნათელი -შენი მზითევია!-და ეგრე უნდა ჩაჰყოლოდა ანაგებად, თავიდან ფეხის ფრჩხითებამდე დიდის ალერსით დამტკბარი ლელაური.

კრძალული მარიტაც ჩუმად ნებივრობდა.

-შენთვის გაქარწყლდეს დიდედაშენი, ჩემო ობოლო, მარგალიტზე უთეთრესო!-განაგრძობდა დიდედა და თან ნაწნავს უწნავდა. წამოწოლილი მარიტა შველივით განაბულიყო.

-ვარდის ჩიტო, პატარა მტრედო გვიძინა! - არა ცხრებოდა დიდედა ლელაური.

მზის ცისკარო!

ჩვენს დროს ბავშვთა ერთი ბედნიერი დღე “ არიფანა “ იყო-საძმო სუფრა,- ყვავილთა დღესასწაული, ყრმათა პურ-მარილის შეერთება. არიფანას ყოველწლიურად, ვარდობისთვეში, ვმართავდით უბნის ბავშვები.

შინიდან წავიღებდით წინასწარ დამზადებულ სანოვაგეს, ტკბილეულს, ტკბილ სასმელს, შერჩეულ ადგილზე გავშლიდით სუფრას, თავზე დავიდგამდით გვირილის გვირგვინებს, სუფრა კი ვარდ-ყვავილებით, ზიზილებით გვქონდა აყვავებული.

ვმღეროდით, ვლექსობდით, ვცეკვავდით, ვთამაშობდით.

კარგად მახსოვს, უკანასკნელი არიფანა ჩვენი ვენახის თავში გავმართეთ, დიდი სამასწლოვანი კაკლის ჩრდილის ქვეშ.

მე, ძველი არიფანების მონაწილეს, მიფიქრია, რატომ ისევ არ შემოვიღებთ

ჩვენი ბავშვებისათვის არიფანას,-ამ მშვენიერ ძველქართულ ჩვეულებას,-ბუნების დღესასწაულობას ყმების მიერ?

უკანასკნელ არიფანაზე განსაკუთრებით დამახსოვდა მარიტა, არიფანას დიასახლისი! უკანასკნელის, ვამბობ, რადგან მაშინ უკვე საარიფანო ჰასაკს გადავაღწიეთ, მოზარდობაში გადავდგით ფეხი, ერთი ჩვენი ტოლი გოგო იმ წელს

კიდევაც გაათხოვეს.

და აი, უკვე სხვა თვალით მეჩვენა მარიტა, - გარდასხვავებული! შედედებული, მკერდამოვსებული ქალწული იდგა თეთრმოვარდისფერო კაბაში!

არიფანას სუფრაზე მარიტა ტკბილი მზრუნველობით დიასახლისობდა, რიგს

გვაძლევდა, დაგვზრუნავდა, გვეალერსებოდა. ოდნავი სევდა უკრთოდა თვალებში, ალბათ იმიტომ,რომ ჩვენსავით ისიც სამუდამოდ ეთხოვებოდა ბავშვობას, უკვე მოზარდობის ჰასაკში გადასული.

ისიც შევნიშნე, რომ ჩვენი მეზობელი, ჭაბუკი მეძროხე გედია ნათელიძე, თვრამეტ-ცხრამეტი წლის ბიჭი, სუფრის თადარიგში ეხმარებოდა; თან მოკრძალებითა და ღიმილით მისჩერებოდა; თითქოს რაღაცას ემუდარება, შესთხოვსო, ხან თითქოს კიდევაც ებუზღუნებოდა. ერთი სიტყვით, ისე მეჩვენა, რომ გედია ვერავის ამჩნევდა მარიტას გარდა. ის მშვენიერი ყვავილთა გვირგვინი, დიდის ეშხით რომ დაწნა გედიამ, სწორედ მარიტას დაადგა თავზე, ლეკურიც მასთან იცეკვა!

მარიტასაც ეტყობოდა უჩვეულობა-უეცრად მოსწყდებოდა იქაურობას, გაირინდებოდა, თითქოს სხვა სამყაროში გადასულაო, და მის მშვენიერ, კამკამა სახისთვის თითქოს ნაღველს თავისი ფრთა გაეკრა...

შესემჩნევი ბიჭი იყო მეძროხე გედიაც-რჩეულებში ამორჩეული! მაგრამ მარიტასთვის ღარიბი, უქონელი, უყოლელი, უმამულო!

მალე ხმა დაირხა მარიტა და გედია შეყვარებულები არიანო! გედია აღარ მალავდა. ერთხელ ჩემთანაც წაიღიღინა, ტყეში რომ ვიყავით შინდზე:

„ მენატრები,მარიტავ,

სული ამდის ყელშია!“

გედია ზაფრადაცემულივით ტორტმანებდა, იკლაკნებოდა სიყვარულით, მოუსვენრობდა, საქმეს თავს ვერ უდებდა, სიყვარული შეჰსეოდამის თითოეულ უჯრედსა და ძარღვს.

„წყეულო სიყვარულო,

ვაი, ჩაგავლებ ხელსა,

სულ ლუკმა-ლუკმა დაგკუწავ,

მერე შეგიკეთებ ცეცხლსა!“

ბევრი სხვაც იყო მარიტას სხივოსანი სახით ელდა დაკრული. თვალმცეცხლი ბიჭები ეტმასმებოდნენ მარიტას, არა ერთი ჭაბუკი მწყემსი, მევენახე, მეხრე თუ მეძროხე.

მარიტას ბრალი იყო, ზოგს რომ ძროხები ეკარგებოდა, ზოგი სამუშაოზე ვეღარ მიდიოდა, ზოგი ღამეს თეთრად ათენებდა, ზოგი დღისითაც გმინავდა.

-გაძნელდა უშენობა!

შორიდან შესჩიოდნენ მარიტას აჩრდილს.

მაგრამ ყველაზე მეტად დაჭრილი გედია იყო.

მახსოვს, სიონობა ჩვენს სოფელში, დღეობა დ