გიორგი ლეონიძე - ამბავი ესტატე ლაფაჩისა - 5 აპრილში 2009 - Literature
კვირა, 04.12.2016, 06:55 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 5 » გიორგი ლეონიძე - ამბავი ესტატე ლაფაჩისა
გიორგი ლეონიძე - ამბავი ესტატე ლაფაჩისა
07:18

(რკალიდან ,,ძველი სოფლის ამბები“)

დაბალი, შავგვრემანი, ჩოფურა, დაჯაგრული, ზამთარ-ზაფხულ დურატყავში გამოხვეული, ის ან ორღობეებში მიეჩქარებოდა ხელში სამღვდელო ბოხჩით,- რომელშიც ჭუჭყიანი ოლარი იდო,- და გამურული, ჭვარტლიანი საცეცხლურით; ან როგორც შეგრძნებული, იჯდა სამრეკლოზე, ან მღვდლის საფუტკრეში ეძინა. მისი ნაწოლი იონჯა ორ დღეს გონზე ვერ მოდიოდა.

ესტატე ლაფაჩი, წმ. კვირიკეს მნათე, ახლაც მაღალ სამრეკლოზე ზის და გაოცებული გაჰყურებს გაღმა მოლაპლაპე იორს და საჯერნე ტბას. გუმბათი კი ისეთი მაღალია, რომ ანდორეთისგრძელ მინდორს ჩრდილს აყენებს. შორს მოჩანს წარიგებული თეთრი მთები, სასაძოვრე და სათივარები. აქეთ, იორგამოღმა ყაყაჩოიანი ჯეჯილები, ვენახები მტირალა ვაზებით, მოხასხასე ნიგვზნარები შრიალებენ.

ყელშექცეული ლაფაჩი ახლად გამოღვიძებული დათვივით ზის და ვერ ამჩნევს ახალგაზრდა ბუნებას, ვერც მაისის ცისპირს. ლაფაჩის თვალები ამოშრეტილია ბუნების სიყვარულისთვის, ისე, როგორც დამშრალია ჭოტის თვალები შუაღამისას.

სოფელზე გადაიარა გაზაფხულის წვიმამ და ზრიმლი ჩამოჰყარა. ბავშვები შესძახოდნენ ცისკიდეს

,,ცისარტყელა კაბარჭელა,

ჩემი კაბის ჩანაჭერა!“

გლეხები გაოცებით შეჰყურებდნენ ცისარტყელას ,,ჭრელი გველივით არა კიდია ცაზე?! “ __გაიფიქრა ლაფაჩმა. ძირს გლეხები კამათობდნენ, თუ რა ფერი სჭარბობს ცისარტყელაში.

__ყვითელია!__დაიძახა ერთმა,__სიმინდი მოგვივა ბევრი!

__არა, წითლურია!_აბა, დააკვირდი, __ღვინო დასჯაბნის!

__არა მწვანეა! პური დაჰკრამს!__ ყველა მართალი იყო.

მზის ნებიერი სხივი თვალღრმა ლაფაჩს მიეტკბურა.

ლაფაჩმა უგემურად აადევნა თაგვური თვალები ოქროგადაკრულ ცას, მაგრამ ვარ გაუძლო მზის ელვარე წინწელს და თვალი მოხუჭა ... ლაფაჩმა ხელიც გაიქნია მოსაშორებლად, თითქოს მოალერსე სხივი ბუზარა მწერი ყოფილიყოს.

ცისარტყელას ოქრო ისევ ქრიალებდა, მერე გადაშენდა...

მოწმენდილ სივრცეში იორ გადაღმა, ლაფაჩმა თვალით დაიგულა დავით გარეჯა.

აქ აღიზარდა ლაფაჩი, სიყმაწვილე აქ მოასრულა.

როგორც თეთრი აფრა, ისე მოჩანდა იმ დილიდ ღვთის ქალაქი,_ შემწვარი უდაბნო, გავერნებული რამა... იქ ნაღვლიანად შრიალებდა ურო, ავშანი და ვაცისწვერა,_შხამიანი ქარით დასუნთქული და მშხეპრი წვიმით დალაღებული. აქ ხან გაირბენს ცქრიალა ჯეირანი და კაბაბი აუფრინდება გაშხლართულ გველს; აქ, გამოკაფულ კლდე-კარფებში, ცხოვრობენ ბერები და სულის ცხოვრებისა და მოქალაქობისათვის იღვწიან.

უყურებს ფიქრში მწარე თავის ნაბინავარს. არც უხარია, არც ენანება, ისევე როგორც თავისი გაჩენა და ცხოვრება ამ ქვეყნად.

უყურებს და აგონდება თავისი მწარე წარსული.

ლაფაჩის წინაპრებს ღვინის ნათლულებს ეძახდნენ თურმე. პირველი გლეხები ყოფილან ტამალიაში. წელიწადში შემავალი სამოცი ფურ_ზაქი, ხუთასი მარტო

მტრედი, საჭმელად მოშენებული. მგზავრს უსაგზლოდ არ გაუშვებდნენ.

ხერგებით დახურხლული __დევთა ნასადგომარი დარბაზი... შუა კერასთან ცხრა დასარწეველი აკვანი...

ლაფაჩები თურმე დოს არ ჭამდნენ და იორში ასხამდნენ; როცა კარაქს შედღვებავდნენ, ქვემო სოფლები ივრის ფერზე იგებდნენ.

დროს არა რჩება რა მოუშლელი. დაუძვრელი ოჯახიც გაიყარა. ნანგრევებზე მთელი უბანი ამოშენდა. ლაფაჩის მამასაც, დიაკვან დიანოზს, ქოხი დაწყვილებული ბავშვებივით გაევსო. მეათე ბავშვის ყოლა კი დედამ სიღარიბის მიზეზით იუარა. მომავალი ნაყოფის გასაწყალებლად მაშობარი ხან ლოდებს იდებდა მუცელზე, ხან ერდოდან დაბლა ხტებოდა.

პაწაწინა ლაფაჩი მაინც დაიბადა.

ასე უნდოდა წერამწერალს...

ახალშეძენილი საზარი მახინჯი იყო, ნალევა, რძენაწყენი, ავ_თვალ სახე ბალნით ჰქონდა მოხავსული. ამბობდნენ: ორსულს ძაღლზე გადაუვლიაო!

უცნაური ბავშვის შესახებ ადგილობრივმა მასწავლებელმა კორესპონდენცია დაბეჭდა გაზეთ ,,დროებაში“ და მით გული მოიფხანა.კიდევ ბევრი ირბინა ქალაქში, _რომელიღაც გამოფენაზე უნდა ეჩვენებინა. მაგრამ ამაოდ მიაჭყლიტა საგზაო

მანეთები. კორესპონდენცია დარჩა ,,ხმად მღაღადებლისა“

ყველაზე უცნაური ბავშვის დაბადებაში ის იყო, რომ ბებია_ქალმა დედამ და მეზობლებმაც ვერ გამოარჩიეს მისი სქესი .მაგრამ მონათვლის დროს მღვდელი როდი შემკრთალა, მან პირდაპირ მიმართა ყრმას:

__ უკეთუ მამრობის ნაკვეთი ხარ, დაგერქვას ესტატე! უკეთუ დედათა სქესისა, გეწოდოს მაკრინა!

მხოლოდ ერთი წლის მერე მიხვდნენ, რომ დედათა მყუდროება მღვდელმა ამაოდ შეაწუხა.

დედა ცრემლიან იავნანას დაჰზუზუნებდა აკვანში დაჩირქებულსა და მუწუკდასხმულს. ჩასახვის წუთს უწყევლიდა. დები და ძმები საკოცნელად არ ეკარებოდნენ, არტახების სიმპალის სუნისგან შორს გაურბოდნენ.

ბავშვი მაინც წამოიზარდა. მუწუკები და ბალანი სახეზე გაუქრა, მაგრამ ღრეკილი სახე _არ გაუსწორდა

მწვანე, დაგესლებული, დასიცხული ფოთოლივით დაღონებული, მიმჭკნარი, სურავარდიანი, მუდამ ყბააკრული, პირგამომშრალი და მტირალი დაზუზღავდა ეზოში. ტოლები არ უყვარდა, ისინიც სდევნიდნენ, საცა მოასწრებდნენ. დაშინებული ბავშვი არც გოშიაც ეკარებოდა, არც ხატაურა ციცას.

ნიშა ხბომ ერთხელ საბრალოდ გათქერა და ტალახში ამოსვარა!

მამამ ბევრი იღონა მეათე შვილისათვის, მიწის მოსაქმედ უქნარი და ოჩანი მწარედ გაიტანჯებოდა.

მამას ნაღვლის სმა ერჩია ამ ფიქრს, დედას_ნაცრის ჭამა.

და აი, ერთ დღეს, ანდორეთში დავით_გარეჯის ბერმა ჩამოიარა საკალმასოდ. მონასტერში შიმშილი ჩამოვარდნილიყო მონასტრის წინამძღვარს ქონება გაეფლანგა. ასწლოვანი განდეგილები, რომელნიც სულის საგზალს იმზადებდნენ, ახლა გაცოფებულები მგლებივით შეჰღმუოდნენ გაბნელებულ სენაკებში და მზად იყვნენ, ერთმანეთი დაეჭამათ. წინამძღვარი არ დაიბნა. მან კალმასობა მოიგონა. ბერები სათითაოდ მიავლინა სოფლებში მაძღარი პურის საპოვებლად, რითაც ბოლო მოუღო მოსალოდნელ აჯანყებას.

პირაქაფებული ბერი ღვთის შიშს აგდებდა ანდორეთს. ,,მეორე მოსვლის“ ნიშნებზე ლაპარაკობდა და უხვ შესაწირავს აგროვებდა.

__ვაი, თქვენ, ვაი თქვენ, უგუნურნო, ურჯულნო, რას იტყვით საშინელ განკითხვის დღეს, როცა ყველა თქვენგანის ფარული ცოდვა თუ საქმე გამოცხადდება?!

__ვაი, შენ, ისრაილო, განსუქდი, განმსხვილდი და დაივიწყე ღმერთი, გამჩენელი შენი!_ დაჰკიოდა ენადაქსაქსული ბერი მათ, ვისაც ხორცი დიდიხანია სარკეშიაც არ დაენახა.

გლეხები მართლა შეფიქრიანდნენ. მოიგონეს ცოდვები .მოიქექეს თავები სულის მოსაბრუნებლად არასა ზოგავდნენ. მემარხულე ბერიც უხვად იხვეჭდა პურს, საკლავს, ხორბალს, ფულს, სხვა სახსარსა და შემოწირულს.

ლაფაჩის მშობლებმა ნამზადი დედალი მიართვეს და სახშიც შემოიპატიჟეს მოსასვენებლად; სადილზე ცოლ ქმარმა შვილის ძნელბედობა შესჩივლეს და რჩევის გეგმები გამოჰკითხეს.

_გვიშველე რამე, ხმელეთის დამრიგებელო!

_შენი ენა ღვთის ენაა!

_ცაში გაქვს გონება ასული!

გახუნებულმა ბერმა ქება შეიფერა და მაშინვე მოისაზრა: მონასტერში მუშაობა ყველას ეზარებოდა. უფრო კი წყლის საქმე და ჯორების დამწყემსვა აჭირვებდა საქმეს. როცა ეს ყმაწვილი წამოიზრდებოდა, ფერსა და ჯანს გაიდგამდა,_ყველაფერს შეიძლება; განზრახვის გასატარებლად ბერმა წარმოთქვა, რომ პირველი ნაყოფი ადამიანისა თუ მიწისა ღმერთს უნდა შეეწიროს, როგორც აბელმა ჰქნაო; მართალია, მასპინძლებს ეს წესი დაურღვევიათ პირველ შვილზე, მაგრამ ახლაც არ არის გვიანი, არც უფალო საბაო განაწყრება, თუ მეეათე ბავშვს მაინც, ისიც სნეულს, მშობლები მიაბარებენ უფლის წიაღს,ანუ მონასტერს მისცემდნენ გამოსაზრდელად. მჭერმოუბარი ბერი არა ცხრებოდა.

როცა ამ სიტყვებზე დედ_მამ შეძრწუნდა, მაშინ ბერმა მოაგონა მათ მამამთავარი აბრაამი: ერთადერთი შვილი ისაკი ღვთისათვის დასაკლავად არ დაზოგა. დაკლდევებული მამა მოტყდა დედა კი უარესად გაჯიქდა. მაშინ ბერმა მოაგონა ძველი სიბრძნე:

,,ვინც მონასტერს გაიზარდოს,

მან იხილოს ღვთისა პირი!

ანუ ლომი,ანუ გმირი;

ვინც რომ შინა გაიზარდოს,

ანუ ძროხა, ანუ ვირი!“

ვინ აღუდგებოდა წინ ამ სიტყვებს, ბავშვი მოშორდება სოფლის შფოთს, ვეღარ გაერევა ცოდვებში, ბევრიც რომ უნდოდეს. უდაბნოში კი ხორცს დაიმონებს, სულს ააყვავებს და აღიზრდება, როგორც კაცი ზეცისა და ანგელოზი ქვეყნისა“.

საწყალი დიაკვანი_მამა მთლად დაადნო ამ სიტყვებმა. იქნებ მისი მახინჯი შვილი არქიელიც გამოვიდეს? გულგაპობილი დედა იხვეწებოდა, ეზოს ძაღლის ალაგას მაინც დამირჩინეთო,მაგრამ დიანოზ ლაფაჩმა დასძლია დედაკაცის ცრემლი და მალე ბალღი ცხენით მიაყენა წმ. დავით_გარეჯის უდაბნოს ,,ღვთის პირის სახილველად“.

რამდენიმე ხნის შემდეგ მონასტრის კარბიჭეში მოხუცი ბერი ეზეკიელი და ლაფაჩი ისხდნენ.

_ გაიმეორე! _ უბრძანა ბერმა, მაგრამ ბავშვი ჩუმად იყო.

_ სთქვი:

,, მე მშვა მამაჩემმა უდედოდ,

მე ვშვი ცოლი ჩემი,

ცოლმა ჩემმა შვა ასული ჩემი,

ასულმა ჩემმა შვა მამაჩემი!

_ რა არის, ამოიცანი?

ბავშვი ხმას არ იღებდა.

_ დაგვიწყებია, ლეგა ბიჭო, ახლა კი სთქვი: ადამი, ევა,ღვთიშობელი, ქრისტე!

ბავშვმა გაიმეორა...

ახლა გუშინდელი გამოცანაც სთქვი!_ ბავშვმა წარმოთქვა:

,,ასომა საქონელისამა,

ვაზმა ვენახისამა

კაცი მართალი შეაწუხა...“

_ რა არის?

_ ურიებმა უფალი ჩვენი, იესო ქრისტე,არეულო ძმარნაღველის ხმევით რომ შეაწუხეს.

_ ყოჩაღ, ყოჩაღ!

ასე განისწავლებოდა ლაფაჩი უდაბნოში.

ლაფაჩმა წიგნი და წერა მონასტერში ისწავლა, მაგრამ თავში ბევრი ვერაფერი შესდიოდა, ან სად ეცალა...

ერთი იცოდა: რომ არის ღმერთი_ მრისხანე, უწყალო,შურისმაძიებელი. მისი იარაღია_ გველებით სავსე, მდუღარე კუპრით ამოვსებული ჯოჯოხეთი, ღმერთს აქვს სამოთხეც, მხოლოდ თავისთვის. ჯოჯოხეთი_ ადამიანებისთვის, ეშინოდა ღვთისა ლაფაჩს, ღმერთმა ხომ ცეცხლით განმეხა იცის ცოდვათათვის!..

ლაფაჩმა ისიც კარგად იცოდა,რომ ამ ქვეყნად არის კიდევ ეშმაკი_ სატანა, რომელიც ჩუმად სულ თან დასდევს ლაფაჩს, თვითეულ ბუჩქში ჩასაფრებული, და ცდილობს, ათასი ხრიკით ხელთ იგდოს მისი სული.

ლაფაჩს უნახავს, რომ ზურგთუკანიდან ეშმაკი კიდეც ეჯღანებოდა. შეშინებული ილტვოდა ამ ჩვენებისაგან.

პატარა ლაფაჩს მონასტერში უღმერთოთ ამუშავებდნენ, თან ტანჯავდნენ ბერები_უშრომლობის ოსტატები.

__ვაი, შენ დაგეწვა, აკვანი, შე უგერგილოვ!

__ვაი და სნება შენ, გათვალულო, თვალნაკრავო! _ასე სწყევლიდნენ წმინდა მამები უხერხულ მორჩილს და თან მუჯლუგუნს უბაგუნებდნენ სახეში. კოკურ წვიმასა და სიცივეში, ჩვრებში გამოხვეული, გაბეზრებული ლაფაჩი დარბოდა უდაბნოში ხან წყლის საზიდად, ხან ათას დავალებათა შესასრულებლად, ხან ჯორების სამწყემსავად. დარბოდა დანაღვლიანებული, დაღამებულშიც კი წანწალებდა. შრომობდა, წვალობდა, ნემსს ეცმოდა, ყველას დავალებას ასრულებდა, მაინც ყველა მისი უკმაყოფილო იყო.

__ბატის ჭკუა შენ და ინდაურის ხეტიალი!_ შერისხავდა ავი წინამძღვარი. კურცხალი თვალზედ ეწურებოდა, გულზე ყორანი ჯდებოდა. მხოლოდ უქმისძალი თუ გაუნახევრებდა ლაფაჩის შრომას, ახლა, წირვაზე ჩოქით უნდა ეთქვა ლოცვანი _შენანებისა, შეწყალებისა, რადგან ,,სული უფროს არს ხორცისა“ .

ნაწირვევს იგი ბერების პირმსახური იყო ტრაპეზზე :ახლა წყალი უნდა ეზიდა, ხოლო მწუხრისას ვირები უნდა ეძებნა, ჩაებინავებინა...

ცრემლმორეულს, გაჭირვებულს, გულის ხაშმი სჭირდა. ფეხის გული სტკიოდა... გულდასაკლები ბევრი ჰქონდა, მისი დამადნობელი ოხვრა კლდეს ჩამოშლიდა, განსაკუთრებით- როცა უდაბნოში ეშმაკები ეფეთებოდნენ.

როცა ძუძუთა მტკივანი დედა მოუკვდა ლაფაჩს, მას მერე აღარავის მოჰგონებია. ნეტავ ვინ იგულტკივნეულა მისთვის?_ არავინ?

დიდმრავალმა ოჯახმა გაწირა პატარა მწირი უდაბნოში! არავინ გამოესარჩლა! მამაც მოუკვდა და არც კი შეატყობინეს.

ცხრა შვილი იყოფდა ოჯახის ქონებას. ან რა ხელთ მისცემდათ მემკვიდრეებს, კიდევ ახალი მეტოქე მიემატებინათ,ისედაც შუღლი ჰქონდათ!

ლაფაჩს თავისი სოფლის სახელიც გადაავიწყდა.

უბედურებაში, უმადლო შრომაში მიდიოდა საწყალი მწირის ცხოვრება და ვინ იცის, კიდევ რა მოელოდა გოროზი და ჭირვეული ბერებისაგან, რომ ერთს შემთხვევას არ დაეხსნა იგი.

ზედ ბზობა დღეს ლაფაჩს მონასტრის ვირები დაეკარგა საძოვარზე. თუმცა მიმწუხრისას იპოვნა, მაინც მონასტრის წინამძღვრის ბრძანებით სვეტზე მიაბეს ლაფაჩი და წმინდა მამები შოლტით ცემდნენ ,ისევე როგორც პირველ მოწამე ქრისტიანებს.

ზედ დატანებაზე ამ სეირს თვალი მოჰკრა ანდორეთიდან ჩამოსულმა მოძღვარმა ზაქარიამ იფიქრა, ამ კაცის უშოვნელობის დროს ეს მორჩილი მწირი გამომადგებაო,

ხარ, ანგარ წინამძღვარს თუმნიანი აჩუქა და ლაფაჩი თავისთან უჯამაგირო მოჯამაგირედ წამოიყვანა.

ლაფაჩი სამუდამოდ გამოეთხოვა უდაბნოს...

ამბობდნენ, უდაბნოელმა ლაფაჩმა რომ სოფელში ფეხი შემოდგა და დედაკაცები დაინახა, იკითხა, ესენი ვინღა არიანო?!

ლაფაჩი ნელა შეეჩვია სოფლის ცხოვრებას, უდაბნოელი მწირი ზაქარია მღვდელმა ჯერ ყორამთაში გაგზავნა მეღორედ, მაგრამ მონასტრელი მეღორედ ვერ გამოდგა. იტყოდნენ ღამღამობით კიდევაც ტიროდაო, თან შავი ტყისა ძალზე ეშინოდაო. თითოეულ ბუჩქში მგელი ელანდებოდა. ერთი სიტყვით, ლაფაჩი გლეხის საქმისათვის არ იყო გაჩენილი.

მაშინ ზაფხული იყო და მეპატრონემ სოფელში ჩამოიყვანა მეკალოედ, მაგრამ ლაფაჩმა არც ხარის საქმე იცოდა, არც ცხენის შებმა, არც კევრზე ტრიალი.

ერთ დილით, ცხენმა ტყუპი წიხლი კრა საწყალ ლაფაჩს და მიასუმკვდარა, ძლივს მოაბრუნეს.

მორბედ ბიჭადაც არ გამოდგა უხერხული ლაფაჩი, ხან რა ჭურჭელი დაამსხვრია, ხან ფული დაკარგა, ხან ფოფოდიას ტვინი აუმღვრია.

მღვდელს ყოველი იმედი გაუცრუვდა. აღარ იცოდა, რა ექნა, კიდევაც ნანობდა მის მოყვანას.

სწორედ ამ დროს გარდაიცვალა მოხუცი მნათე ისაკი და მონასტრელმა ლაფაჩმაც სრული შეგნებითა და მომზადებით დაიჭირა მნათის თანამდებობა ანდორეთში; ალბათ მამამისი_ დიანოზ დიაკვანი სიხარულით საფლავში გადატრიალდა, რომ შვილმა საღვრთო გზა არ დააგდო.

ერთგული, მისანდო ლაფაჩი მღვდლის პირმსახური და მეხვაშიადე შეიქმნა. ისეთი ნდობა მოიხვეჭა, რომ მთელი ოჯახი მას ებარა დილიდან საღამომდის აქაურ შრომაში იყო გართული. შემოსავალი საკმაოდ ჰქონდა_ ნათლობისა,ქორწილობისა,მიცვალებულისა,კურთხევისა,დღესასწაულებისა და სხვისა და სხვისა.

ხელმოჭერილი ლაფაჩი ყველაფერს თავის ქოხში ეზიდებოდა. იტყოდნენ: საღამოთი, როცა ბრუნდება, უსათუოდ შინ რაიმე უნდა შეიტანოსო, თუ ვერაფერი ვერ იშოვნა, აგურს მაინც შეიტანსო,_ თუ აგურიც ვერ მოახელთა, კარგ ქვას მაინც იპოვის და ხელცარიელი შინ კარს არ შეაღებსო!

მონასტერში გაზრდილი, ჭამა_სმაშიც თავდაჭერილი ებრძოდა ნაყროვანებას და ჩვრებში გახვეულ უზალთუნებსა და კაპეიკებს დღითიდღე უმატებდა; ნამატი ფული საკმაოდ უგროვდებოდა.

სოფელმა ,,ქვასჭამე“ უწოდა ძუნწობისათვის. აგროვებდა ლობიოს, ხახვს,კარტოფილს,თვითონ არ ჭამდა, ინახავდა; ან კერძს ვინ გაუკეთებდა, რომელი დიასახლისი?

ამიტომ დადგა დრო ცოლის თხოვისა. გლეხკაცს რა უფლება აქვს, ცოლი არ მოიყვანოს, მეუღლე? მაშ ,მარტოს ხომ გაუჭირდება ცხოვრება. უღლის გაწევა?!

ამ შემთხვევაში რას დაიშურებდა დეკანოზი თავისი ნამსახური ლაფაჩისათვის? ან ვინ დაუჭერდა ქალს დაულვაშებულ ვაჟკაცს, რომლის საღვთო წერილის ცოდნა ძირობაზე განთქმული იყო?

ერთ საღამოს,მწუხრის ლოცვის შემდეგ, როცა ორივენი ეკლესიასთან ყუდროში ისხდნენ, მღვდელმა მამაშვილური სიტყვა ჩამოუგდო ლაფაჩს ცოლის შერთვაზე.

_ დროა, ბუნებისა და კაცობის წესი შეასრულო!

ლაფაჩი ამ სიტყვას არ მოელოდა და მორცხვად თავი დახარა. როცა მოძღვარმა კიდევ გაუმეორა, მაშინ ლაფაჩმა იუარა ცოლმდომობა,_ როგორც უბიწო ვარ დედის მუცლიდან, ისევე უნდა ჩავიდე საფლავშიო. თურმე დედაკაცი ეჯავრება მას მერე,რაც ევამ ადამი აცდინა! წრფელი პასუხი მღვდელმა მორცხვობად მიიჩნია და კიდევ შეეკითხა, თუ რომელ ქალზე მისდიოდა თვალი. შეშინებულმა მნათემ მიუგო, მწვავსო ცეცხლი ქრისტეს სიყვარულისა, სულის ცხოვრებისათვის და ვზრუნავ და იმ სოფლისთვის საგზალს ვიმზადებო.

მღვდელმა განუმარტა,თვითონ ღმერთს არ მოსწონს ადამიანის მარტოობა და ქორწინება_ ქრისტესა და ეკლესიის კავშირის მომასწავლებელიაო.მოციქულებიც ამას იტყვიან: წმინდაა ქორწილი და შეუგინებელია საწოლი. შემდეგ ისევ გაუმეორა, თუ რომელი ქალი მოსწონდა თვალათ და ხორცად, ან ვისი ნდომა ჰქონია როდისმე.

როცა ლაფაჩმა აცნობა ამ გრძნობის გამოუცდელობა, გაცოფებულმა მოძღვარმა ხელი შესტაცა და მარცხენა ყბაზე სილა გააწნა. ლაფაჩი პირქვე დაემხო. გაცეცხლნავთებული მამა ზაქარია კი ხოთხოთითა და წვერის გლეჯით დაბრუნდა სახლში _დამიხედეთ, ქრისტეს თიხის ყმაწვილი!

ლაფაჩი საგონებელში ჩავარდა:

-კაცო შემჭამა გონებამ. რა ვქნა, ვერ გადამიწყვეტია! ჩემი სულიერი და ხორციელი საქმე უფალს დაუმორჩილე. მღვდელი კი თავისას მიბრძანებს. თუ არ დავუჯერე, გამირისხდება და რაღა ვქნა საბრალობელმა?! __წვრილი ხმით შესჩიოდა მნათე გლეხს ყაყიაურს:

__უნდა შეირთო, მაშ, ან აქამდე როგორ სძლებ ოცდახუთი წლის ვაჟკაცი_ უპასუხებდა ყაყიაური და თან უამბობდა, თუ როგორ დაძალა თვითონ ის, ოცი წლის ბიჭი, ქალის სურვილმა. როგორ აწვებოდა სისხლი და უხურდა გული. მაშინ მას საქმეც ეზარებოდა, მინდორსა თუ ტყეში ქალის აჩრდილი ეჩვენებოდა, ბოლოს მამამ დასტური დასცა და დანიშნა. ყაყიაურის დანიშნული დაშორებულ სოფელში ცხოვრობდა; გუთნობის დრო იყო, გუთანს რომ ჩაშლიდნენ, მეხრე ყაყიაური ღამე გავარდებოდა დანიშნულთან, ტკბილს ალერსს შეირგებდა, ისევ გამოირბენდა დღის მანძილს და ცისკარზე, შებმის დროს გუთანთან იყო...

ლაფაჩი გაკვირვებული უყურებდა მეგობარს, უნდოდა გონებით მაინც მისწვდენოდა, მაგრამ ცივი გონება ქალის სიტკბოებას ვერ სწვდებოდა.

_მერე, ქალსაც უხაროდა?

-ქალი? ჩემს მისვლაზე ვერხვივით თრთოდა, ცახცახებდა, მყნოსავდა, მიკოცნიდა მკერდს, მარჯვენას, შუბლს, იწურებოდა და იმ დროს მზე რომ გეჩვენებინა, ზედაც არ შეხედავდა, მე ვერჩივნე ქვეყნიერებას!

როცა წამოვიდოდი, კარებთან ამეკვრებოდა მოღვედილი და კოცნაში მეტყოდა:

ნეტავი ნისლად მაქცია,

გადმოვივლიდი ქარითა,

იქ დავიწყებდი წვიმასა,

საცა შენა ხნავ ხარითა!

_კაცო, რა არ ხდება თურმე ქვეყანაზე. რა ყოფილა ეს წუთისოფელი? __იღიმებოდა ლაფაჩი და არა სჯეროდა, თუ როგორ შეიძლებოდა ქალისთვის შუაღამეს, დაღლილმა ადამიანმა სოფელსა და მინდორს შუა ამდენი მანძილი ირბინოს.

ბევრი იფიქრა ლაფაჩმა, ბევრი ილოცა, რომ ღმერთს მაინც ჩაეგონებინა მღვდლისთვის, დახსნოდა და ლაფაჩის სიწმინდე შეენახა, მაგრამ შემოდგომის ერთ საღამოს, როცა ჰაერი იყო შეღვინებული, ლაფაჩი და სოფლის მზეთუნახავი თაფლუა_მართლაც თაფლისატკბურა,მღვდლის ნასაყვარლევი, მოფარდაკულ საქორწილო ურემში ისხდნენ თავგვირგვინები და ჯვრისწერის მერე სახლში ბრუნდებოდნენ; უკან ნაბდიანი მაყრები მოშილიანდრობდნენ თოფების ცლითა და ღრიანცელით. ლაფაჩი უჩუმრად იჯდა დამკრახულ გოგოსთან. ლაფაჩი ფიქრობდა, რომ ქორწინებით მღვდელმა დიდ ცოდვას შემოჰყარა და უფალს პატიებას შესთხოვდა აღქმის გატეხისათვის უნებლიე მავნებელი.

როცა მაყრიონი ქალიანთას მივიდა, მილოცვების შემდეგ, როგორც საქორწინო წესია,ლხინი გაიმართა. თამაშის დროს ნეფე _პარატრძალიც გამოიწვიეს. ყელმოღერებულმა პატარძალმა წრეს ჩამოუარა და ნეფეს მორცხვად თავი დაუკრა. ნეფემ უკან დაიხია და ხალხს შეერია. როცა ჩააცივდნენ,გააცხადა, რომ მონასტერში ცეკვა არ უსწავლებიათო. ვახშამზე ცვარი ღვინო არ დაულევია. მღვდელმა მოაგონა საღვთო წერილიდან, რომ ღვინო ახარებს გულსა კაცისასაო! საღვთო წერილის ხათრით ლაფაჩმა ერთი ჯამი ღვინო დალია და კიდევაც სასულიერო იმღერა.

ჩხაოდა, როგორც განკეთრებული კატა.

თამადამ მაინც უქო სიმღერა და შეჰპირდა, თუკი დრო დარჩებოდა, კიდევ ამღერებდა.

ნავახშმევი სუფრა აიშალა და მაყრიონი სიმღერებითა და მოძახილებით ახლა მეფის სახლში გაემგზავრა.აქ, საქორწილო წესით, კარიბჭეში ნეფეს ჯამები დაუწყეს სამტვრევად. ნეფემ პირ დამხობილი ჯამი ვერ გატეხა, თუმცა ფეხი მეორედაც დაადგა.ნეფის უძლურმა ეჯიბმა სიმთვრალეს გაადააბრალა და ბოდიშო მოხადა . თვითონ კი ორივე ჯამი წუთში დაფხვნა. პატარძალს ფერი აღარ ედო, თითქოს ფილენჯის ქარი სცემოდა.

ახლა ნეფე_დედოფალი ამოწვდილი ხანჯლებსშუა გაიყვანეს, მილოცვის მერე დედაბოძი შემოატარეს და საქორწილო ვახშამზე დასხეს.

სუფრის ხმაურობა ხვადების გრიალსა ჰგავდა. ასხავდნენ ჯამებით, ხელადებით,საღვინეებით. ახალ მოზარდ ვაჟებს საყმაწვილო ქარი უქროდათ, ღაღანა პატარძლის ეშხით გაძირებულ ჯამებს ჭერში ისროდნენ.ლაფაჩს კი თავი სტკიოდა. ეჯიბმა ორჯერაც გაიყვანა კარში, თითქოს ვიღაც უძახდა ნეფეს რაღაც საჭირო საქმეზე.

სუფრა არა ცხრებოდა, ლხინის ალი ცასა სწვდებოდა.ლაფაჩს კი თავი უტრიალდებოდა. დასასრულ, მზეკვარმა თამადამ ქორწინებულს უბრძანა, ძველებური ქორწინის რიგი არ მოეშალა: მზეთვალა დედოფლის შავი ნაწნავები ღვინიან ჯამში ჩაეყარა და ღვინო ისე დაელია.ლაფაჩმა ორჯერაც ითხოვა ძნელი საქმის აშორება.მესამედ წარმოსთქვა რომ ღვთის მსახურს არ შეშვენის მრუშობა. მაშინ მთვრალმა ეჯიბმა ჩვეულება თვითონ იკისრა. თამადა რომ პირფიცხელი არ ყოფილიყო, ბევრი ახალგაზრდა იწვნევდა შავი ნაწნავების გემოს.

შეთენებულზე , როცა ცისკარმა გვირგვინი ჩამოიყარა,მეჯვარე__ეჯიბმა და მამსახლისმა, ვახშმის უკანასკნელმა მოწმეებმა, სამ_სამი რქა კიდვ გადაჰკრეს. ნეფე_დედოფალი გაფარდულ ოთახში შეიყვანეს, თეთრად გაქათქათებული მზითვის ლოგინიდაანახვეს, შეეხვივნენ გულის წადილის მიწევა უსურვებს.

__ მარცხენა მკლავთან დაიწვინე, უფრო ახლოა გულთანაო! __ ურჩია მამასახლისმა.

რა მოხდა იმ საშინელ ღამეს, ეს ღმერთმა იცის, გულთამხილავმა. პატარძალმა თაფლუამ მესამე დღესვე დატოვა ლაფაჩის კერა და გვირგვინი.

ამ ამბავმა მთელი სოფელი აანჩქრია. უფრო დედაკაცები ლაპარაკობდენ ბევრს, როცა წყაროზე შეგროვდებოდნენ, ან სიმინდს არჩევდნენ, ან, როცა შემოდგომის ჟინჟღლი ოხშივარად დაეცემოდა კრამიტიანსა და ჩალიან ქოხებს, თუ ლაპარაკში მამაკაცი შეესწრებოდათ, მყისვე ჩაჩუმდებოდნენ.

ხალხმა დაუნდობლად იბრუნა პირი ლაფაჩისაგან.

ქორწილის დღიდან პატივი დაკარგა, მთელმა სოფელმა ზედ გადააბიჯა, როგორც გარღვეულ ღობეს.

__არაკაცო!

__დაკოდილო!

არ უსვენებდნენ ჩასაფრებულები.

დედაკაცებს მორცხვად ეღიმებოდათ.

__ძეძვთან ხომ არ იწვა! __სინანულით ამბობდნენ მოხუცები.

ლაფაჩი ან ყურს მოიყრუებდა, ან გაცოფებული ქვის სროლით დაედევნებოდა აბეზარ ბავშვებს სოფლის შარაზე.

ამ წუთას იგი თრთოდა, როგორც ქარისგან შერყეული ფურცელი. ონავრები არა ცხრებოდნენ, აცვივდებოდნენ ნიგვზის ხეზე და იქიდან გადმოჰკიოდნენ:

__უმაქნისო!

__გადაჯიშებულო!

__ფუნდურა!

ღონემიხდილი ლაფაჩი კბილებს აღრჭენდა.

__სათათრეა ჩვენი სოფელი!

__ჯოჯოხეთია, _შესჩივლებდა გამვლელს,

__არა_კა_ცო_ოო_ოოო!!!

__ ე._ე._ე._ეეე!!!

ხითხითებდნენ ასპიტის ნათხევები.

სამასსამოცდასამი წმინდანის ძალით მაწყევარი ლაფაჩი დაბურულ ტყეს აფარებდა თავს.

უფრო საბრალო სანახავი იყო ლაფაჩი, როცა სამრეკლოზე წირვის ზარებს რეკდა. დოღრიალა ბიჭების ხროვა ქვევიდან ამკობდა ლაფაჩის ვაჟკაცობას ქორწილის ღამით.

შეურაცხმყოფელი ხმების დასაფარავად მნათე მოუხშირებდა ბოხი ზარების რეკას, ბერტყავდა ზარებს, მაგრამ, რა შეუძლია სოფლის ზარს, მსხალივით რომ კიდია სამრეკლოზე?!

მამა ზაქარიამ საშინლად აიყარა გული ლაფაჩზე. პირში არა უთქვემს რა, გადაწყვეტილი კი ჰქონდა დათხოვნა, მის მამაშვილურ არჩევანს რომ სახელი გაუტეხა.

მერე დეკანოზს არ უყვარდა უნაშენო ხალხი, საბასრობელად ხშირად იტყოდა.

__ყოველმან ხემან, რომელმან არ გამოიბას ნაყოფი კეთილი, მოიკვეთოს და ცეცხლზე დაედვას!

__ვინც შვილოსნობა ვერ ამოაშობინოს, ის წყეულიაო!

ამიერიდან ლაფაჩმა უარყო ყოველივე დიდება და სიმდიდრე. იგი მიხვდა, რომ ეს ქვეყანა ,,წუთის“ სოფელია და მეტი არაფერი!

გამოიხიბლა!

თუმც ისევ უყვარდა ჯიბის ჩხრიალი, მაგრამ როცა თვიურ შემოსავალს დათვლიდა, შაურიან-ორშაურიანებით შეძენილი სიმდიდრე გულს აღარ უხარებდა ძველებურად, დაკარგა მიმზიდველობა.

ლაფაჩის ფიქრები ახლა მხოლოდ საიქიოს კარიბჭეს ეხლებოდა. იქითკენ ქროდა მისი ფიქრის აფრები!

_სამუდამო ცხოვრება, სულის ცხონება, ეშმაკის ჭანგებისგან თავის დაძრომა, აი, მისი სადარდებელი! ფულისა ბევრი აღარ ენაღვლებოდა, ოღონდ ახლა თავის სულის სახრისთვის აგროვებდა და აუნჯებდა ყველაფერს.

იცოდა, რომ არავინ თავს არ შეიწუხებდა მისთვის არც სიბერეში, არც სიკვდილში და გადაწყვიტა, თვითონ მოევლო თავის თავისთვის, თვითონ ეზრუნა და ეჭირისუფლა. უპირველესად მან ეკლესიის ეზოში იყიდა თავისი საფლავის ალაგი და კიდევაც ამოაჭრევინა. ზედ ფიცრები გადახურა და დროებით მიწა მიაყარა.

ახლა საფლავის ქვაზე შეუდგა ფიქრს და იგიც მოიპოვა! დაიბარა კოსტა ბერძენი, ქვისმთლელი ხელოსანი, დაპატიჟა, ღვინო ასვა და მერე გაანდო თავისი საიდუმლო დიდი ფიცითა და მუდარით.

კოსტამ დიდად მოუწონა განზრახვა, ამაზე კარგს რაღას გააკეთებ ამ წუთისოფელშიო! ამ საქმის კეთილად წარმართვის საგანგებო სადღეგრძელოც კი დალია!

საფლავის ქვა ტინიან კდეში მოაგლეჯინა. მაგარი ჯიშის ქვაა, ლურჯ_თეთრი, საუკუნეებს გაუძლებსო!

კოსტა ბერძენმა გათალა, გაჩარხა და შეამკო ყვავილებით, თვითონაც ზედ იყო ლაფაჩი გამოჭრილი ქართულ მასრებიან ჩოხაში. (თუმცა ლაფაჩს არასოდეს ჩოხა არა სცმია), თექის ქუდში, ძველებურ ჭვინტიან წაღებში.

მაღალი, ახმახი, ავადმყოფური კოსტა ბერძენი შემოხიზნული იყო ჩვენს სოფელში. საბერძნეთის ძველი იმპერიის აღდგენაზე ოცნებობდა. როცა გაზეთს გავშლიდით იკითხავდა: რა სწერია საბერძნეთზეო, თან დასძენდა:

__ამბობენ, დრაბიზონი ჩვენი უნდა იყოსო!

პატიოსანი იყო კოსტა ბერძენი, მაგრამ წვრილშვილი, ღარიბი, ლოთი, თანაც ავადმყოფი.

ამიტომ მუშაობა ხშირად თვეობით ბრკოლდებოდა, ლაფაჩი_შეშინებული რომ ქვის შემზადებაზე ადრე არ მომკვდარიყო _საწყალ კოსტას ქოხში მიუვარდებოდა ხოლმე. წყევლიდა დედაკაცურად, ტუქსავდა, აგინებდა, მაგრამ თან ღვინოს მიუტანდა, ან ფულს წაამატებდა და საწყალი ხელოსანი ვაინაჩრობით აგრძელებდა მუშაობას.

ეპიტაფია მოკლე და მარტივი იყო, ჩვეულებრივი. ცოტა კანცელარიის სტილი დაჰკრავდა, რადგან სოფლის მწერალს შეედგინა სამ მანეთად.

როგორც იყო, ქვა მოასრულა კოსტა ბერძენმა და ლაფაჩის გულმაც გაიაზრა და იზეიმა! ახლა მას აღარ ეშინოდა სიკვდილისა. ამიერიდან სიკვდილსა და მის შორის აღმართული იყო ჯებირი_საფლავის ქვა, რომელიც არ ჩაჰკარგავდა ლაფაჩს, არ ჩაუგდებდა ხელში დავიწყებას, შემუსვრას!

რაღა უშავს ლაფაჩს გული დაიარხეინა!

საფლავი ხომ ამოთხრილი ჰქონდა ეკლესიის ეზოში, გადასახედზე, საფლავის ქვა მზა წარწერით დერეფანში ედგა, ტილოგადაფარებული. ბევრი ცბიერი და დამცინავი განგებ ჩამოჯდებოდა ხოლმე ლაფაჩის საფლავის ქვაზე.

მნათეს გული მოსდიოდა, მაგრამ ვერას ამბობდა ხათრითა თუ შიშით.

ერთი ხინჯი ჰქონდა ჩარჩენილი: ეპიტაფიაში მარტო სახელით იყო იგი მოხსენიებული. მამის სახელის მოხსენიება დავიწყებოდა ეპიტაფიის დამწერს.

__ვაითუ მამაჩემის სულმა მიწყინოს, შვილმა მიუკადრისაო.

__ვაითუ მეორე მოსვლის დროს ღმერთმა ვერ მიპოვნოს, სხვაში შემშალოს, სხვისი ცოდვები მე მამკითხოსო! ჩიოდა ეჭვში შესული ესტატე ლაფაჩი.

__ტვინი გამიშავდა ამდენი ფიქრით!

ჩიოდა გულის სატკივარს. მაინც ისე დღე არ გავიდოდა, რომ სუფთა საფლავის ქვა ცოცხით არ გადაეგავა არარსებული მტვერის გადასაწმენდად და კიდევ ერთხელ არ ჩაეხედა საკუთარ სამარეში. დიდხანს ჩაჰყურებდა შიგ, მაგრამ ბევრ არას ფიქრობდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ მისი საფლავი მხოლოდ სულ მცირე ხნით შესასვენებელი ადგილია სამოთხემდე, რომ უფალი აქ არ დააყოვნებდა და მალე პირდაპირ სამოთხეში შეაფრენდა!

მაგრამ აქაც ხომ უწევდა ყოფნა ამიტომ მართებდა სუფთად შენახვა, რომ სამოთხეში ჭუჭყიანი არ შესულიყო!

__არა, არ დაწვავს სულს, ეცდება სისუფთავე არ მოაკლოს თავის გასასვენებელს! კუბოსთვის ცალკე ჰქონდა ნაყიდი თახახიანი მიტკალი, დიდად საიდუმლოდ შენახული შიგ ლეიბში.

__ამრიგად, ყოველნაირი თადარიგი იყო გაწეული. ვინ შეიტკიებდა თავს მისი საფლავის, კუბოსა და საფლავის ქვისათვის?! მერე, გინდა ჰყავდეს გულშემატკივარი ვინ მოიცლის მისთვის ამ აწეწილ დროში? არავინ.

ეს იცოდა ზედმიწევნით და კმაყოფილიც იყო, რომ თავისი სულის საქმე თვითონ სიცოცხლეშივე უზრუნველყო და არც არავის ვალში იყო ჩამდგარი.

იდგა დამშვიდებული ლაფაჩი და ელოდა სიკვდილს გულგრილად, როგორც ელოდებიან ხოლმე თოვლის მოსვლას- მეტი არაფერი.

ვაი, კიდევ ახალი საზრუნავი გაუჩნდა ლაფაჩს: საკუთარი აღაპის ხარჯები და სულის ცხონების ს

კატეგორია: პროზა | ნანახია: 1701 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 4.5/2 |
სულ კომენტარები: 2
2  
magaria

1  
What do you think about new Social Network website http://facesepicentre.com/ ?

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [16]
საბავშვო [1]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [90]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1249
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0