გიორგი ლეონიძე - სამთო საბალახე - 5 აპრილში 2009 - Literature
კვირა, 04.12.2016, 06:53 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 5 » გიორგი ლეონიძე - სამთო საბალახე
გიორგი ლეონიძე - სამთო საბალახე
07:26
ეხ,შვილიერება ჩემი დასრულდა! სამემკვიდრეოდ ვაჟი არ მეყოლა! ცასა და ქვეყანაზე მარტო დავრჩი! დიდ გვარს, დიდებულს ღმერთმა შვილი არ მიბოძა. რა ვქნა, რომ ჩემს უკან არავინ რჩება ჩვენი დიდი გვარიდან! გვარია, განა მატყლია! ჭირს, განსაცდელს, შეწუხებას, ჭირდებულებას რამდენს შევებრძოლე, ისევ ღმერთს უნდა შევწირო მადლობა! __ამბობდა ნამგალივით მოხრილი, თვალზე ნისლ-წაკრული ნათავადარი ყადორი რევოლუციის პირველ დღეებში და თან პირჯვარს იწერდა._დიდება შენდა უფალო დაუსაწყისო! მაგრამ ვინ შესცვლის ზენასუფევას?

_მითხარ , ყმაწვილო, რომელი ერთი ვიჩივლო? გვარის ამოწყვეტა, მხცოვანება თუ მამულიდან ცარიელათ დარჩომა? _ჩიოდა კომისრის კანცელარიის ზღურბლზე გვარის უკანასკნელი შთამომავალი, გვარის დამბოლოვებელი ყადორი, რომელიც ახლა უკანასკნელად თხოვნით მისულიყო კომისართან, რათა ნაკუთვნილარი საბალახე მთა უკან დაებრუნებინათ საზრდოდ, სარჩომად... ცხენი იქვე, მარგილზე გამოება. ყვავები და ყორნები სდარაჯობდნენ მოლოდინში თავადის რაშს....

ცხენიც მშიერი იყო, ბატონიც! მსახური ბიჭი “შავბეწვა“ღორისწველაშვილი გასცქეროდა.შინ აგარავინ ჰყავდა , გაციებული ოთახი ელოდა, იმასაც ართმევდნენ. ვერა და ვერ ჩამომშორდა იმ დღეს დამკრთალი, შეშინებული, ნათავადარი ყადორი, რომელიც უარით გამოისტუმრეს კანცელარიიდან, კიდეც უთხრეს, რომ მეორერდ აღარ მისულიყო ამ სათხოვარზე.

სადილობის დრო იყო, დაბის დუქანში შევედით, შევიპატიჟე.დუქნური სუფრა

გაიშალა ხორაგისა და ღვინის დანახვაზე ყადრი ცოტა მომხნევდა , მაგრამ თავის

დონეზე აღარ იყო : რაღა ვარ ეხლა , ცარიელი მათრახიღა დამრჩა მთისა , ბარისა

და ტყის ნაცვლად!

__არ დატკბა ჩემი წუთისოფელი, რა ვქნა? არ საქნელი არ იქნების! __ და უცბად

შეჭოჭმანდა,_იქნებ ეს ქვეყანა კიდევ დამტკიცდეს?მაგრამ, ისეთია დღეს ქვეყნის გადასხვავება,გადავითარება,რომ ეს ქვეყანა მალე არ დამტკიცდება და მე შიმშილით უნდა მოვკვდე! -ამბობდა ყადორი,- ასე მგონია,თითქოს მკვდარი ვარ,თითქოს ადამიანადაც გაუქმებული ვარ! - და უეცრივ იკითხა: მაინც ვერ გამიგია, რატომ არავინ მაძლევს საბალახეს?

-რევოლუცია მოხდა!-ვეტყოდი გულუბრყვილოდ.

-მერე ჩემმა მთამ, ჩემმა ბალახმა რა დააშავა? -ვერა და ვერ გაეგო ბატონ ყადორს.

-მერე იცი, რა ბალახია?

-პაპის პაპაჩემი – შერმაზანი დარბაზბატონი მთელი კახეთის პატრონი ყოფილა და მე ერთი მთა აღარ მეკუთვნოდეს? და მისი ბალახი?

-პაპაჩემ ჯანზურაბს მეჯიბინე ცალკე ჰყოლია, მეაბჯრე და პირის მეღვინე ცალკე და მე ამ ფამფარა ბალახის მეტს ხომ არა ვთხოულობ?

-მამაჩემის, ამილღაბარის, სუფრაზე ყოველდღე თითო ძროხა იკვლებოდა და მე სამთო საბალახოზე მეტს არა გთხოვთ?

-აბა, მაშინ კაი ბიჭები ვიყავით, როცა დიდ ომებში, ჩვენი გვარის მედგარი ძახილი გაისმოდა: „დაჰკარ, დაჰკარი!“ სულ ჯორებით უზიდიათ ომიდან მოკვეთილი თათრის თავები!

-და მე ვისთვის რა დამიშავებია, ყველასთვის ძმა ვიყავ და მეგობარი, ნათელ-მირონი, მეზობელი და გულის მოკეთე, ეს რა დროება მოდის! სინდისი დაიმარხა, ზრდილობა და პატივისცემა გაჰქრა, მაშ საქართველოც ხომ დაიღუპა,მითხარ , ყმაწვილო, შენ გენაცვალე!_დაჟინებულად მიცქეროდა ყადორი და ჩემგან ელოდა თავისი სიტყვის დადასტურებას.

-პირახსნითა და გულახსნით მინდა გელაპარაკო: მე ბედს ვემორჩილები, არ ვიტყვი: კბილი კბილის წილ!-დამდაბლებული ღიმილით მეუბნებოდა ყადორი_ან რას მეტყვის კარგს ადუღებული გუნება? მაგრამ გული მტკივა! მეც ხომ ძეხორციელი ვარ, მეც ხომ მინდა არსებობა?

გულს ახარებდა ნაწვიმარზე გულის მაცოცხლებელი გაზაფხულის

წვეთები და აბრიალებული ცისარტყელა, ახლად აყვავებული ნუშისა და

მსხლის ყვავილთა ფერფლით მომფრინავი ნიავი და ყადორის ნაღვლიანი სიტყვები

ამ დროს ჩემს გულს არ ეგუებოდა.

ყადორი კი თავისას განაგრძობდა: ქვეყანას ოთხი რამ აკლია, ცას-კიბე, ზღვას-ხიდი,

ჯორს-შვილი და კაცს-სამართალი! წაიღეს ჩემი მამული! სამართალია? რომ მაგონდება

ჩემი დიდი კაკლის ჭალა, შიგ მზის წვერიც რომ ვერ გაატანდა!ჩემი ურთხნალი! ან ჩემი

კორიდეთის ტყე- რამდენ ირმის ჯოგს გადავყოლილვარ იქ, ან ჩემი მინდვრები,- რამ-

დენ ჯეირნის ნახტომს გაუცდენივარ? ვაი მას, ვისაც ბუხრის წინ არაფერი აქვს მოსაგონებელი!ახლა,ბუხარიც წამერთო, რა უღვთოებაა, ყმაწვილო კაცო, ამიხსენი,

გამაგებინე!- ვის რა დავუშავე, რა წავუხდინე? გეფიცები ყოველდღე ვიგონებ ჩემს ცოდვებს, რომ შევინანო და ვერ მომიგონია და ახლა რა გადამხდა? ვისი გულისთვის? ორიათასი წელიწადია, ჩემი გვარი თავადობდა! რამდენი იყო ჩემი გვარისა – კაცი, ქალი! იქეიფეს, დრო გაატარეს, ყმები ჰყავდათ, მთა-ბარი ჰქონდათ, შეირგეს წუთისოფელი ზომაზე მეტად და ახლა ამისთანა საწყალ მოხუცის წელზე უნდა გადატყდეს ჯოხი? მათი ცოდვები მე რათ უნდა ვზიდო, მე მარტოდ მარტომ? ცოდვა არა ვარ? სამართალია?

მერე რა ცოდვები მე მიმიძღვის, რა სისხლის მსმელი და მიწის დამრბეველი მე მნახეს? მხოლოდ ერთი ცოდვა არ მასვენებს, მოდი, ახლოს მოჯექი “ტკბილი გითხრა მწარისათვინ“.

__ ერთხელ, დიდმარხვას ძალიან ავად გავხდი, სულთ ვებრძოდი. საკვირველია, თან ამ ქვეყნად არ ვიყავ,თან სრული გონება მქონდა.

__ მაზიარეთ! ესღა წამოვიზმუვლე და ჩემ ი ცო ლის ტირილი შემომესმა. გათანგულს ისევ ჩამეძინა. ვხედავ საიქიოა! ჯოჯოხეთის ნახეთქები. კუპრის ტბა. სამი კაცი დადგა ჩემს წინ. მოკლე ქართული კაბები ეცვათ, ხელში დავთრები ეჭირათ ,ერთმა თქვა:

__ მოიგონე, რა ცოდვა ჩაგიდენიაო! __ მე ჭირის ოფლმა დამასხა, ძლივს მოვახსენე:

__არაფერი შენი ჭირიმე...

__კარგად იფიქრე, ცოდვის შვილი ხარ თუ არა?

__დედის მუცლიდან, შენი ჭირიმე...

__არა, სწორედ უნდა გვითხრა, რა ცოდვა ჩაგიდენია.

__არაფერი შენი ჭირიმე...

__მაშ კარგი!აქეთ წამოდექი,__ანიშნა ერთმა მათგანმა ვიღაცას და უეცრად ჩვენი მეზობელი კი წამოდგა__სოსიკა თეთრ-სუდარაგადაცმული. სამი წლის მკვდარი იყო, მაინც გამეხარდა, მეზობელი რომ დავინახე.

__იცნობ ამას?__დამიძახა პირველმა.

__როგორ არ ვიცნობ?

თავჩაღუნული იდგა სოსიკა, ორივე ხელი გულზე დაეკრიფა.

__ახლა მოიგონე რაც დაგიშავებია.__მითხრა სამოთხის კაცმა, მაშინ წამომაგონდა...

ჰო, ერთხელ ზამთარში ტყე მქონდა შეკრული. ამბავი მომივიდა ტყესა გპარავენო.ავიღე და ტყიურ წაველ. მივატანე თუ არა, ვხედავ სოსიკა-მასზე ღარიბი გლეხი არ იყო სოფელში -მოდის და ზურგით ჩემი ხეები მოაქვს.

გავცეცხლდი.

-არა გრცხვენია , სოსიკავ. შენგან ეგ მეკოთვნის? მომეცი წალდი!__დავჭყივლე და წალდუნა წავართვი. ეგ იყო და ეგ...

როდის ჩამიდენია სხვა ცოდვა? ან რაღა ვქენი,არ ვიცი! აი,ეს ცოდვა მომაგონეს სამოთხის კაცებმა.

სოსიკას რომ წალდი წავართვი, წამოვიღე და საბძელზე შევდე, მერე, კარგა ხნის მერე საბძელს რომ ჩალა გამოვუცვალე, წალდიც ლელში ჩაიკარგა.ამასობაში სოსიკაც მოკვდა.შემოდგომის ერთ ქარიან დღეს,ქარმა საბძელს ლელი აჰხადა და წალდი ისევ ვიპოვე,სხვენზე შევდე.

-მიეცი წალდი სოსიკას და თავისუფალი ხარ!__ერთხმად წამოიძახეს სულთამხუთავებმა.

გამომეღვიძა თუ არა, დავიძახე:

-წალდი!

ცოლმა ტირილი დაიწყო, ეგონა ყელი უნდა გამომეჭრა!

-რათ გინდა წალდი?-ჩამომიჯდა მეზობელი.

-ასე იყო,ასე...-ლუღლუღით ვუამბე დასუსტებულმა.ზედ დატანებაზე სოსიკას ბიჭიც შემოვიდა.

-რა ამბავია, ნათლი, რათ გაგიგრძელდა ეგრე სატკივარი?

ვუამბე სიზმარი ,წალდი ჩავაბარე. ..აი, ეს ცოდვა მომაგონეს სამოთხის კაცებმა! იქნებ, ამისთვის დავისაჯე დღეს?

ერთხელ კიდევ ყურძენი მოვიპარე ბავშვობისას... სხვა რა ჩამიდენია?ჯიხვით, ჯამით მისვამს,მეზობელი მიყვარდა, ნუთუ ჩამეთვლება?.- მოსთქვამდა ყადორი და თან წითელ ღვინოს ბრკეს აცლიდა...და უცბად შეშინებულმა თითქოს სხვისი ხმით წამოიძახა :

მაშ, ორი ათასი წლის ცოდვა მარტო ჩემს წელზე რად უნდა გადატყდეს? ცოდო

არა ვარ , განა? _გაკვირვებული მიყურებდა, ისე შემკრთალი,თითქოს საცაა მდუღარე წყალში უძახონო.

და სწორედ ამ დროს მედუქნემ სასწრაფოდ მიხურა კარი, ჩაკეტა კარი და ფანჯარა.უეცრივ ცამ იელვა,მერე იდგრიალა, კიდევ იდანდგარა და მცირე ტორტმანის შემდეგ შავ-ლურჯმა ღრუბლებმა უწითლესი წინწკლების ბურჯღლები გაჰყარა. და

ანაზდეულ, ჩქეფით წამოვიდა ნიაღვარი, დელგმა. მწუხრის მოშავფენებამ იმატა, სივრცე გაკუპრდა, ცისქცევა, უცნაური კრჩხიალი, ბაგუნი და ზრიალი აყრუებდა ყოველივეს.

და უცებ გაიზარდა შემზარავი, სიკვდილის ხმიანი წეწა, ლეწვა, - სეტყვა წამოვიდა,

ახმაურდა ჭერი – კრამიტი თუ თუნუქი, ჯერ ხორხოშამ დაიწყო ხტუნაობა, მერე ნამდვილი ქვები აგორდა თითქოს... ბუნება ბობოქრობდა. ჩვენ ჭიანჭველებად ვიგრძენით თავი, ისე მცირედ გვეჩვენა ჩვენი ღონე ბუნების ძლიერებასთან.

ირეგვებოდა ყოველივე, იმსხვრეოდა, ღამე, ქარი, ნიაღვარი, შეერთებულნი იერიშით

გადმოდიოდნენ და მოსპობით გვემუქრებოდნენ, რა უნდა გვექნა? რა ჰქნას კანთხელმა კანსიმაგრის მეტი?!

ყადორი კი ჭიქა ღვინოზე ისევ ჩიოდა ბედის უსამართლობას, თუ რატომ უნდა

გადაეტანა მხოლოდ მას, მარტოდ მარტოს – ორი ათასი წლის ცოდვა თავისი გვარისა

და პასუხი ვერ მიიღო.

ირგვლივ ყველაფერი ილეწებოდა, ვის ეცალა ყადორის ცოდვებისათვის?

კატეგორია: პროზა | ნანახია: 960 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 3.0/2 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [16]
საბავშვო [1]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [90]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1249
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0