ჩვენ შორის გაწყდა გზები თუ აზრი და, როგორც სუნთქვა, თრთოლვით გათავდა, და ყინვა, ფინურ დანაზე ბასრი, ლენინგრადისკენ გზას გვიკეტავდა. როდესაც რკინა ტყვიამ დაძენძა, როცა ასწიეს ფრთები ანძებმა, საძმო საფლავში იწექ ნაძვებთან, არ ესწრებოდი ჩვენს გამარჯვებას. ათგან ნახმლევი და ნატყვიარი სწორებთან დუმდი - გიძმეს სწორებმა, და მე მესმოდა ქარის შრიალი, როგორც შენი ხმის განმეორება.
ჩემს მიწურ ქოხში შემოდის სხივი და კუთხეებში აყენებს ჩრდილებს, და ჩემი გულის განწირულ ყივილს თვისებურად ხმას აუჩვილებს ო, რა თქმა უნდა, შენმა ოცნებამ არ შეუძლია წარმოიდგინოს, - მაქვს მინდიასებრ ბრძენის მოთმენა, სისხლის ღამე და სისხლის ლოგინი. მაქვს სიყვარული - იების სუნთქვა, სხვას კი, ძვირფასო, არც ვინატრებდი, ვარ ერთი ვინმე, ცასავით სფთა და ცაზე ვრცელი გულის პატრონი. ვარ გათენება ცაზე ასული, მზე - დაფენილი ყვითელ ასოებს, როგორც ოცნება, როგორც წარსული, ბედი გვაშორებს და გვაახლოებს. და შენზე ფიქრი მინათებს სისხლში უჩინარ ბილიკს და ნაბიჯს გვიანს, ხსნა თუა სადმე, შენ ერთი იხსნი, რასაც გული და ბავშვობა ჰქვია.