ხუთშაბათი, 28.03.2024, 17:50 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » პოეზია
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 3483 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (4)

ვარ ასე მოღლილი და სახედამწვარი
და ყოველი ღამე - ეს ჩემი ლოდია.
მე მივალ ბაღისკენ, გათავდა ზამთარი
და უფრო ნათელი დღეები მოდიან.

მე ბევრჯერ მქონია დარდი იშვიათი,
ბევრჯერ თავის მოკვლაც მქონდა განზრახული.
გუშინ მომენატრა ფოთლების შრიალი
და ჩუმი საღამო ისევ გაზაფხულის.

და მგონია ბედი ქარში დამარხული,
მგონია, ვიყავი და ახლა აღარ ვარ.
ლურჯი სიზმარივით მოვა გაზაფხული,
როგორც სიარული და როგორც დაღალვა.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1837 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ,
ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს.
ახლა თოვლივით ვილევი მზეზე
და მომდევს ქარი შორი აპრილის.

ყრუ მდუმარებას ყოველმხრივ ისვრის
შენი დღეები ამწვანებული.
მოვედი შენთან თბილისის ნისლით
და ღამეებით გაწვალებული.

ო, ლოცვით სული აქაც აივსო,
ისევ ავყევი დამღუპველ ვნებას.
და შენ სივრცეზე, მე, ქუთაისო,
ველი სხვანაირ დღის გათენებას.

ავალ კიბეზე და მე მივმართავ
ბაგრატის ტაძრის მაღალ ნანგრევებს,
რომ ჩემი სული ფერფლია მართლა,
რომ გული სევდას აქაც აგროვებს.

ღამდება ასე, დაეცა წვიმა,
და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი,
უამინდობამ მე დამამძიმა
და ისევ მელის გზა დამღუპველი.

ახლაც სიმშვიდე არ მეკარება,
მე აქაც ბევრი ღამე ვათიე.
ო, ქუთაისო, ეს მწუხარება
და ეს ტირილი შენ მაპატიე.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1666 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,

ახლა იშლება სივრცე ნახული.

ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,

აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

და იბადება ყოველთვის კითხვა:

- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!

მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,

როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.

იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული,

ისევ სივრცეა, არსებობს მიწა.

აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში,

მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა.

არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა,

ახლა იშლება სივრცე ნახული.

ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,

აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1832 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,

ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.

და იმ ადგილას მივედი ისევ,

სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

აქაც გაისმის ქარის გოდება,

ქარია გარეთ, ქარია სულში.

დღესაც მეწვია და არ მშორდება

ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.

დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,

რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.

და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,

სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1479 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ამდენ წამების და გლოვის შემდეგ

მე ისევ დამრჩა გული პოეტის.

და სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს

და გულმოკლული მე წამოვედი.

იყო გრიგალის და თოვლის შემდეგ

უფრო მწუხარე გამოსალმება.

მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს

და ვეგებები ისევ წამებას.

თითქო ცისფერი ოცნების შემდეგ

ისევ გამეფდა ზამთრის ქარები.

მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს

და თბილისისკენ მივექანები.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1460 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ალბათ წვიმას ქარიშხალი დაძლევს

და ეს დროა უმძიმესი ლოდი.

დილა არის, მე ვოცნებობ მთაზე

და ვაგზლიდან ორთქმავალი მოდის.

აქეთ მზეა, იქ თოვლია სადღაც

და ცხოვრება დაემსგავსა ქაოსს.

რა ქარია, რა სიცივე დადგა

და დღეიდან ზამთარია, დაო!

და ქუჩიდან ყრუ ხმაური ისმის,

დღესაც დიდი მარტოობა ვიგრძენ.

ქალაქს უკვე ჩამოშორდა ნისლი

და ნისლიდან დაიწმინდა სივრცე.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1723 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,

ახლა დარდების მძიმე წუთია.

მიწას ადგია ცა გარინდებით

და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.

არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,

ადამიანის ბედი კრულია.

დადუმებული კიდია ზარი

და თითქოს ზარი საყდრის გულია.

მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,

ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.

დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე

და ეკლესია თითქოს თოვლია.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1532 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ჩვენ შორის გაწყდა გზები თუ აზრი
და, როგორც სუნთქვა, თრთოლვით გათავდა,
და ყინვა, ფინურ დანაზე ბასრი,
ლენინგრადისკენ გზას გვიკეტავდა.
როდესაც რკინა ტყვიამ დაძენძა,
როცა ასწიეს ფრთები ანძებმა,
საძმო საფლავში იწექ ნაძვებთან,
არ ესწრებოდი ჩვენს გამარჯვებას.
ათგან ნახმლევი და ნატყვიარი
სწორებთან დუმდი - გიძმეს სწორებმა,
და მე მესმოდა ქარის შრიალი,
როგორც შენი ხმის განმეორება.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1917 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ჩემს მიწურ ქოხში შემოდის სხივი
და კუთხეებში აყენებს ჩრდილებს,
და ჩემი გულის განწირულ ყივილს
თვისებურად ხმას აუჩვილებს
ო, რა თქმა უნდა,
შენმა ოცნებამ
არ შეუძლია წარმოიდგინოს, -
მაქვს მინდიასებრ ბრძენის მოთმენა,
სისხლის ღამე და სისხლის ლოგინი.
მაქვს სიყვარული - იების სუნთქვა,
სხვას კი, ძვირფასო, არც ვინატრებდი,
ვარ ერთი ვინმე, ცასავით სფთა
და ცაზე ვრცელი გულის პატრონი.
ვარ გათენება ცაზე ასული,
მზე - დაფენილი ყვითელ ასოებს,
როგორც ოცნება, როგორც წარსული,
ბედი გვაშორებს და გვაახლოებს.
და შენზე ფიქრი მინათებს სისხლში
უჩინარ ბილიკს და ნაბიჯს გვიანს,
ხსნა თუა სადმე, შენ ერთი იხსნი,
რასაც გული და ბავშვობა ჰქვია.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1618 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 7 8 9 »
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0