შაბათი, 20.04.2024, 02:21 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » მასალის არქივი
მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,
შენს უმანკო ბაგეზე დაბინავდნენ ლოცვები.
საოცრების ლანდები შენს წინ გლოვას ანთებენ,
როგორც ბრილიანტები საიდუმლო ოცნებით.

შუაღამის ვედრება სამრეკლოსთან ბერდება,
მოგონება ფითრდება სინანულის ფარდებში.
სურნელება ვილლასი დაეცემა სილაზე,
როგორც ლურჯი სინაზე, დაიკივლებს ვარდებში.

აკანკალდა არმაზი, უნაზესი გამმაზე,
მოსვენებას არ მაძლევს კვირეების გუგუნი.
ძლივს გადურჩი ამ აპრილს, ვერ ვასრულებ დანაპირს,
ჩვენს ცხოვრებას თანაბარს შთანთქავს ღამე უკუნი.

განშორების წამებში ჩაქრებიან სანთლები,
დაო, მომელანდები ვით კუბოში მწოლარე.
სასაფლაოს ლოდებთან ჩამოცვივდნენ ფოთლები,
მზეო, არ გელოდები მე, ფარულად მთრთოლარე.

როცა ქარი იწყება, გადვიქცევი ფიქრებად,
ალბათ ბევრი იქნება იმედები ქარვაში.
მესმის ხმა როიალის, ვით ფოთლების შრიალი,
მიყვარს მე ხეტიალი შეშლილივით ქალაქში.

მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,
შენს უმანკო ბ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1691 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

თეთრი ხაზებით დავეწევი სასტიკ ზმანებას,
დაისვენებენ ქიმერებზე ჩემი ცოდვები.
შენს მიმქრალ სახეს შემოდგომა მე არ მანებებს
და აქ, თბილისში, თვით მათხოვარს შევეცოდები.

მე ეს შუადღე გამაოცებს თავის ლოცვებით,
ცოდვის ტაძარში გადავითვლი ფიქრებს გაძარცულს.
წვიმის ლანდებში ვიმალები ღამის ოცნებით,
ო, ეს წუთები მე მაგონებს ტირილს გარდასულს.

ანთებულ გრძნობით ავაკივლებ ცრემლებს თვალებში,
როცა საშინლად გამაშავებს მთვარის სინესტე.
მეტად მწვავეა ეს ქვეყანა ღამის რკალებში,
და ჩემი ლექსი - ყაჩაღების ცრუ მანიფესტი.

კვირის წირვებში ცოდვილ ტაძრებს ასწევენ მკვდრები,
თავის წამება სამრეკლოზე მარტო მე მინდა.
ო, ვიყრი მუხლებს, სინანულით შენ გევედრები,
მე, გაჭირვებულს და საცოდავს, ღმერთო, შემინდე!

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1774 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

იქ უხილავი მხარე მიცდიდა
და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

იმ პლანეტებზე ფიქრი მიმძიმდა
და გაგიჟებას ველოდი ისევ.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1662 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

საღამო ამნაირ სახის
დარდივით გაჩნდება ისევ.
დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,
დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.

გათავდა ცრემლების თოვა,
ო, ხსოვნას რა ნელა ძინავს.
და თეთრი ქალწული - გლოვა
ეცემა სისხლიან მინას.

და ირგვლივ სამარეს უვლის
ფარული სურვილის ლანდი.
და ჩემი მწუხარე სული
მსგავსია დათოვლილ სანთლის.

ეს მხარე ღამდება, რადგან
ცისფერი იმედი მიდის.
როგორი სიჩუმე დადგა,
ო, როგორ ჩამოწვა ბინდი!..

მე წავალ სხვანაირ სახით,
ჩემს წასვლას დიდება მისდევს.
დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,
დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1625 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

ახლა არის ივნისი, ახლა გვიან ღამდება.
მაგონდება ბავშვობა. ეს ცა მაშინ სხვა იყო!
ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას...
მერე თეთრმა სიჩუმემ ის იმედი წაიღო.

ახლა დედის აჩრდილი დებს და მამას მაბარებს,
(ახლა უფრო ხშირია დარდი და უძილობა).
მზერას მტაცებს საყდარი. ველზე გათხრილ სამარეს
ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას.

ახლა იქნებ ჭორებიც მომედება ტალახად:
მე ხომ ბედმა გამრიყა, თანაც მტანჯავს ციება!..
ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა,
ახლა ჩემი გაკილვა ყველას ეპატიება.

თუმცა თვალებს ცეცხლიანს არ ეტყობათ დაღალვა,
ვიცი, გაფითრებული ვგავარ შემოღამებას.
ნიჭმა ვეღარ მიშველა, როგორც ზეცამ მაღალმა...
არ თავდება ვარამი და იობის წამება.

ახლა მინდა ამ მზეში იმედები გახშირდეს
(თუმცა რაა იმედი? - წამიერი ფარ-ხმალი).
მელანდება სიკვდილი და სოფელი მამშვიდებს,
ჩემი ტკბილი ოცნების ლურჯი ნამოსახლარი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1648 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 3487 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (4)

ვარ ასე მოღლილი და სახედამწვარი
და ყოველი ღამე - ეს ჩემი ლოდია.
მე მივალ ბაღისკენ, გათავდა ზამთარი
და უფრო ნათელი დღეები მოდიან.

მე ბევრჯერ მქონია დარდი იშვიათი,
ბევრჯერ თავის მოკვლაც მქონდა განზრახული.
გუშინ მომენატრა ფოთლების შრიალი
და ჩუმი საღამო ისევ გაზაფხულის.

და მგონია ბედი ქარში დამარხული,
მგონია, ვიყავი და ახლა აღარ ვარ.
ლურჯი სიზმარივით მოვა გაზაფხული,
როგორც სიარული და როგორც დაღალვა.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1840 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ,
ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს.
ახლა თოვლივით ვილევი მზეზე
და მომდევს ქარი შორი აპრილის.

ყრუ მდუმარებას ყოველმხრივ ისვრის
შენი დღეები ამწვანებული.
მოვედი შენთან თბილისის ნისლით
და ღამეებით გაწვალებული.

ო, ლოცვით სული აქაც აივსო,
ისევ ავყევი დამღუპველ ვნებას.
და შენ სივრცეზე, მე, ქუთაისო,
ველი სხვანაირ დღის გათენებას.

ავალ კიბეზე და მე მივმართავ
ბაგრატის ტაძრის მაღალ ნანგრევებს,
რომ ჩემი სული ფერფლია მართლა,
რომ გული სევდას აქაც აგროვებს.

ღამდება ასე, დაეცა წვიმა,
და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი,
უამინდობამ მე დამამძიმა
და ისევ მელის გზა დამღუპველი.

ახლაც სიმშვიდე არ მეკარება,
მე აქაც ბევრი ღამე ვათიე.
ო, ქუთაისო, ეს მწუხარება
და ეს ტირილი შენ მაპატიე.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1668 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,

ახლა იშლება სივრცე ნახული.

ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,

აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

და იბადება ყოველთვის კითხვა:

- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!

მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,

როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.

იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული,

ისევ სივრცეა, არსებობს მიწა.

აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში,

მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა.

არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა,

ახლა იშლება სივრცე ნახული.

ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,

აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1835 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,

ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.

და იმ ადგილას მივედი ისევ,

სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

აქაც გაისმის ქარის გოდება,

ქარია გარეთ, ქარია სულში.

დღესაც მეწვია და არ მშორდება

ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.

დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,

რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.

და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,

სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1483 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 4 5 6 7 8 9 10 »
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0