ხუთშაბათი, 25.04.2024, 01:57 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 03
არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,

ახლა იშლება სივრცე ნახული.

ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,

აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

და იბადება ყოველთვის კითხვა:

- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!

მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,

როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.

იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული,

ისევ სივრცეა, არსებობს მიწა.

აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში,

მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა.

არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა,

ახლა იშლება სივრცე ნახული.

ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,

აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1836 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,

ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.

და იმ ადგილას მივედი ისევ,

სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

აქაც გაისმის ქარის გოდება,

ქარია გარეთ, ქარია სულში.

დღესაც მეწვია და არ მშორდება

ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.

დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,

რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.

და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,

სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1485 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ამდენ წამების და გლოვის შემდეგ

მე ისევ დამრჩა გული პოეტის.

და სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს

და გულმოკლული მე წამოვედი.

იყო გრიგალის და თოვლის შემდეგ

უფრო მწუხარე გამოსალმება.

მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს

და ვეგებები ისევ წამებას.

თითქო ცისფერი ოცნების შემდეგ

ისევ გამეფდა ზამთრის ქარები.

მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს

და თბილისისკენ მივექანები.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1464 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ალბათ წვიმას ქარიშხალი დაძლევს

და ეს დროა უმძიმესი ლოდი.

დილა არის, მე ვოცნებობ მთაზე

და ვაგზლიდან ორთქმავალი მოდის.

აქეთ მზეა, იქ თოვლია სადღაც

და ცხოვრება დაემსგავსა ქაოსს.

რა ქარია, რა სიცივე დადგა

და დღეიდან ზამთარია, დაო!

და ქუჩიდან ყრუ ხმაური ისმის,

დღესაც დიდი მარტოობა ვიგრძენ.

ქალაქს უკვე ჩამოშორდა ნისლი

და ნისლიდან დაიწმინდა სივრცე.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1728 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,

ახლა დარდების მძიმე წუთია.

მიწას ადგია ცა გარინდებით

და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.

არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,

ადამიანის ბედი კრულია.

დადუმებული კიდია ზარი

და თითქოს ზარი საყდრის გულია.

მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,

ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.

დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე

და ეკლესია თითქოს თოვლია.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1537 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ჩვენ შორის გაწყდა გზები თუ აზრი
და, როგორც სუნთქვა, თრთოლვით გათავდა,
და ყინვა, ფინურ დანაზე ბასრი,
ლენინგრადისკენ გზას გვიკეტავდა.
როდესაც რკინა ტყვიამ დაძენძა,
როცა ასწიეს ფრთები ანძებმა,
საძმო საფლავში იწექ ნაძვებთან,
არ ესწრებოდი ჩვენს გამარჯვებას.
ათგან ნახმლევი და ნატყვიარი
სწორებთან დუმდი - გიძმეს სწორებმა,
და მე მესმოდა ქარის შრიალი,
როგორც შენი ხმის განმეორება.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1924 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ჩემს მიწურ ქოხში შემოდის სხივი
და კუთხეებში აყენებს ჩრდილებს,
და ჩემი გულის განწირულ ყივილს
თვისებურად ხმას აუჩვილებს
ო, რა თქმა უნდა,
შენმა ოცნებამ
არ შეუძლია წარმოიდგინოს, -
მაქვს მინდიასებრ ბრძენის მოთმენა,
სისხლის ღამე და სისხლის ლოგინი.
მაქვს სიყვარული - იების სუნთქვა,
სხვას კი, ძვირფასო, არც ვინატრებდი,
ვარ ერთი ვინმე, ცასავით სფთა
და ცაზე ვრცელი გულის პატრონი.
ვარ გათენება ცაზე ასული,
მზე - დაფენილი ყვითელ ასოებს,
როგორც ოცნება, როგორც წარსული,
ბედი გვაშორებს და გვაახლოებს.
და შენზე ფიქრი მინათებს სისხლში
უჩინარ ბილიკს და ნაბიჯს გვიანს,
ხსნა თუა სადმე, შენ ერთი იხსნი,
რასაც გული და ბავშვობა ჰქვია.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1622 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ჩვენ განვშორდებით, შეხვედრის ჟამი
დარჩება, როგორც თეთრი ზღაპარი,
შენი მსუბუქი ნაბიჯის ჩქამი,
შენი მზერა და ხმა გასახარი.
მე დამავიწყდა ქართული ხმები,
მე შენი ხმები ვით დამახსოვდეს,
ვიცი: გრიგალებს ერთად შევხვდებით,
მაგრამ ერთმანეთს - ვეღარასოდეს.
და წავლენ დღენი... ჩვენს საფლავებზე
ეპიტაფიებს დაფარვს ხავსი,
მაგრამ ჩემს ლექსში ჩამქრალ თვალებზე
ვინმე შკრთება გრძნობებით სავსე.
ადგება ქართულ სიმღერის ფეთქვა
შენი რუსული ხმების შეხებად,
როგორც ყოფნაში შეუხვედრელთა
მოუხუცებელ ლექსში შეხვედრა.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1602 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.
შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს.
და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.
გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,
მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.
... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,-
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2196 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

როგორც ყოველთვის,
არც ამ წერილს გამოგიგზავნი.
არც ერთი ლოცვა ცამდის არ ადის.
ახლა მგზავრი ვარ და დუმილში
ვჩურჩულებ მგზავრი:
- მშვიდობით იყავ, აწ და მარადის.
ამ განშორებამ არ გაფინა ფერები ფითრის
არც დავიწყებად, არც უკვდავებად,
შენ ოცი წელი გებევრება, მე ასებს ვითვლი
და ათასებიც მეცოტავება.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1892 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (1)

ოცნებას დავემონები

მუდამ ლაღი და იოლი,

რატომ არ ჩემი წნორები,

რატომ არ ჩემი იორი.

ჩემი ზვირფასი გორები,

ძნები - კაცები ყვითლები,

თიანეთი და სწორები,

თიანეთი და ფიქრები.

მეზობლის ბიჭის ქორწილი,

ღვინო ეჯიბი მაყარი...

ურჩი ვაჯკაცის ბორკილი -

თმა მხრებზე გადანაყარი.

ოი, რანაირ გეძებდი,

ქალშავავ, შავი თმებითა,

ვინც მკლავდი, ვინც მახარებდი

გაყრით და შერიგებითა.

ოი, დღეებო ბავშვობის,

არასდროს დამიბრუნდებით,

დამტოვეთ, ჩუმად დამშორდით

და როგორც მტრედთა გუნდები

ცას გადაუვლით ბრძოლებით

და დამაღონებთ იოლად.

... რატომ არ ჩემი სწორები,

რატომ არ ჩემი იორი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1997 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

დადგება მხრებთან თეთრი საღამო

და, როგორც თრთოლვა, ქუთით გრძალდება

მაღალ ფიქრებთან ვდგევარ მაღალი

და სიმაღლეში გამითენდება.

და ეღატდერთი ჩრდილი აწვალებს

უჩინმაჩინის უსახო სხეულს,

ასე აწვალებს ჯამბაზს ბაწარი,

ასე აწვალებს ნიავებს რხევა,

ასე აწუხებს ცას გათენება

და უნებური შიში მკვლელობის.

ასე ჭრილობით გამომრთელებას

მოაქვს ტკივილი გაურკვევლობის.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1562 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

შენ ნახე, როგორ იწვოდა ზეცა
გაუგონარი, მღვრიე დაწვითა,
შენ გახსოვს, ტყვია მე როგორ ამცდა
და ამხანაგის გულში გაცივდა.
როგორ დაეცა იგი დაჭრილი,
როგორ კაწრავდნენ მიწას თითები
და გაზაფხულის შორი აჩრდილი
როგორ მოჰქონდა დღეს გაფითრებით.
მაგრამ მითხარი, განა გიშველის,
რომ შედრკე ახლა სიკვდილის გამო!
რამდენი ნახე შენ ფეხშიშველი
ბავშვი უსახლო და უდედმამო!
შენ მიდიოდი... გზა იყო სისხლის
და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს...
სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნის,
თვითონ სიკვდილი თუ არა სძლიე.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1662 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

მთაწმინდიდან სმოლენსკამდე გზაა შორი,
უფრო შორი - გზა ბრძოლის და მწუხარების.
გახსოვს ღამე? - გავუძვერით ნაღმებს ორნი
და მტრის ბლინდაჟს შევუკეთეთ ყუმბარები.
გახსოვს დნეპრი? - მღვრიე, როგორც გათენება.
დნეპრზე მღვრიე - შემოდგომის მღვრიე ქარი,
დაჩეხილებს თბილისის ცა გვამთელებდა,
ჩვენს საშველად მთაწმინდიდან წამომდგარი.
მე დედაშენს არ ვუამბობ შესაწუხარს,
ვეტყვი მხოლოდ, ომში გული არა კვდება,
ვეტყვი, რომ შენ წაიქეცი, როგორც მუხა,
როგორც ფშაველ მონადირეს ეკადრება.
გული დარჩა, და როდესაც ხელჩართული
დნეპრს გადაღმა ჩადგა ომის მქუხარება,
მე ვიგრძენი საგულეში შენი გული
და მტრის ბლინდაჟს შევუკეთე ყუმბარები
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1861 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,

სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.

მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი

და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.

დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,

თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.

იჩქარე ვიდრე თოვლივით წავშლი

შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.

წახვედი როდის, ჰბრუნდებუ როდის -

დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,

ჩემკენ, ო, ჩქარა, გზაც აქეთ მოდის -

თოვლი, თოვლი, თოვლი.

მათოვდა წუხელ, აცად ვარ ახლა

და თვალზეც ბინდი ჩამორხეულა.

ამდენი ვნება, ამდენი დაღლა

სად დაიტიოს ჩვილმა სხეულმა.

თოვლი მოსულა. რომელ მხარეში,

სად გიღამდება დღე თოვლნარევი,

დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე,

ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი.

წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის -

დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,

წამოდი ჩემთან, გზაც აქეთ მოდის -

თოვლი, თოვლი, თოვლი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2693 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ბედმა უცნობი გზით გამაქამანა,
თქვენ დარჩით შორი... ცაზედაც შორი...
და, როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები,
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 3639 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (1)

არ უხდებოდა ვაჟის ხალათი
სუფთა ხალათი და უნაზეს ხაზებს...
რაა ბავშვობა, თუ არ გვანათებს,
რაა ტრფობა, თუ არ გვალამაზებს.
რა იქნა შენი კარგი ბავშვობა,
გოგოვ პატარავ, გოგოვ კეთილო,
... მე მახსოვს დილა, მზე თამაშობდა
და ყუჩდებოდა, ვით გაკვეთილი.
მეთხოვებოდა ჩემი თბილისი,
ჩემი მიჯნურიც ცრემლით დამშორდა,
ახლა ვინ იცის, ახლა ვინ იცის,
რა იქნა მისი კარგი ბავშვობა.
იქნება გაჰყვა გრიგალს ომისას,
გამკაცრდა მზერა სიკვდილის ახლოს
და იმ ბავშვობას, დრომ რომ მონისლა,
იგონებს, ცდილობს და აღარ ახსოვს
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1634 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,

ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!

არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,

ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.

მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში

სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!

ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,

წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით

უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!

სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით

ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!

იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:

ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;

გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,

ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.

ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,

ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!

ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!

ახლა კი სამარეა შენი განსასვენები!

რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს სახელს?

ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?

ვერავინ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2995 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (3)

ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა

არ გავიარე - რაა მამული!

წინაპართაგან წავიდა ყველა,

სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა

და მელანდება მე მის წიაღში,

მოხუცი მამა, მოხუცი მამა

სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი

მასზე ოცნებას დაემგვანება,

ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!

დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 3717 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (1)

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ. ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2238 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (1)

შორით გამოჩნდა ფოსტა,

იჭერს წერილებს მაღლით

გაჩერებული ხბოსთან

ბიჭი პატარა ძაღლით.

გვიან ყვავილთა რიგით

ბაღი თანდათან ცხრება,

აქეთ - სადგური. იქით -

მშვიდ სოფლელების კრება.

მოდის სოფელი, როგორც

დამსვენებელი ჩრდილი,

რაღაცას მღერის გოგო

მშვენიერი და ზრდილი.

აჰა, ღამდება. ბიჯი

და - აქვე არის სახლი.

მიდის წერილით ბიჭი,

ხბო და პატარა ძაღლი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1613 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა:

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:

დღეები რბიან და მე ვბერდები!

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:

იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,

მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება

შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,

უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.

იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს

შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის

ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,

მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის

და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული სიზმრით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში...

და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!

მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში

ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 20620 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (13)

შორეული ქალის ეშხი

მოვა... მაგრამ როდის?

სიყვარული სასახლეში

მხოლოდ ერთხელ მოდის!

ასეთია ნაზი ბედი,

ბედი რჩეულ ფერის,

სიცოცხლეში თეთრი გედი

მხოლოდ ერთხელ მღერის!

ზრდილი, ნაზი და მეფური,

ჩემი ძველისძველი

ლექსი არის უნებური

სიზმრით შემმოსველი.

მხოლოდ თეთრი შადრევნებით

მოკისკისე ბროლი,

მაცდურ თვალის გადევნებით,

მტანჯავს მსუბუქ მქროლი.

აჰა, ვხედავ - ლურჯა რაში

მიჰქრის საშიშ-ჩქარი,

და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში

მიაქვს მძაფრი ქარი!

მიჰქრის დალალგადაყრილი

დოვინ-დოვენ-დოვლი:

თოვლი, ფიფქი და აპრილი,

ვარდისფერი თოვლი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2090 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე

იწვოდა ნათელ ალთა კრებული,

მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე

იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,

ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.

მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა

სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...

მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...

ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,

ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა

და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...

იყო ობლობა და შეცოდება,

დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი

სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!

ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი

და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,

თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...

ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე

ღონემიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს

და ჩემს ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 11708 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (39)

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი

ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...

ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!

მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,

და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით,

მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...

ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!

აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,

აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,

ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული,

ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...

და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,

ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,

თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,

და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;

თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს

მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,

თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,

სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა;

რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 3108 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (2)

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი,

და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.

ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,

ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,

მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს,

ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.

ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი?

რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!

განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა

ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა?

დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,

დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.

მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,

დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;

თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...

სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!

მაგრამ რა ვქნა? ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 6549 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (25)

გაფერმკრთალდა სავსე მთვარე და გაყვითლდა შუქთა ცხრილი,

ცის გუმბათი მოვერცხლილი მე ზღვის სიღრმეს შევადარე.

ვარსკვლავთ გუნდი მოელვარე თრთის, ნელდება ვით ღიმილი,

ფერ-მიხდილი, მოწყენილი, ნაზი, ფრთხილი, მგლოვიარე...

ნისლში მყოფი არე-მარე ნანგრევების არის ჩრდილი,

არის სივრცე და დუმილი, მარტოობა არის მწარე,

ყოველი ხე და სამარე. ხევ-ხუვებში მოფენილი,

არის უღვთოდ მოწყენილი.

ამოვდივარ! ღამის ნაკვთებს მალე გაჰკვეთს ჩემი ფრთები.

ბუნებაო, შენ ნუ კრთები, კაეშანი ნუ აგანთებს,

მთის მწვერვალო, მაგ შენს კალთებს ნუ ელტვიან იმედები,

მთავ, დაბლა ნუ იხედები, ნისლი უღელს ნუ დაგადებს.

ამოვდივარ! გულის ნადებს ნუ წაგართმევს ღამის ხმები,

როს მომავლის მზის სხივები კანდელივით დაგქათქათებს...

მალე, მალე, ველებს და მთებს ტიტანივით მოვევლები,

ვნების რკალად მოვედები მუდმივ თოვლით შემოსილ მთებს...

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1714 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე

მახვილს ვფერავდი,

შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი

ფერად-ფერადი.

მიყვარს ამ ხმის გაგონება,

რადგან ვერრათი -

ვერ წავშალე მოგონება

ფერად-ფერადი.

შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი

ბედისწერამდი,

სად არ დამდევს მისი ჩრდილი

ფერად-ფერადი.

იყოს ისე, როგორც დარჩა,

ამიერამდი,

ჩემთვის-ძონძი, შენთვის-ფარჩა

ფერად-ფერადი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2115 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

რომ გაქრა სხივის

ალერსი ძვირი, -

შფოთავს და ჩივის

გვადალკვივირი:

“რად მინდა ვაზის

ნაზი ოცნება,

ან სილამაზის

გაჯადოსნება,

ანდა ჩრდილები

მძიმე მტევნების,

ან ყვავილები

ძველ ხეივნების,

ზვირთების სუნი,

მეთევზის მღერა,

ფუტკრის ზუზუნი,

ნიავის ბგერა,

ლაჟვარდი ელვით

მშუქარე ტბები,

ზურმუხტის ველით? -

ვერა, ვერ ვტკბები!

მე მფარავს ისლის

შავბნელი სვეტი.

ჩემს ზვირთებს სისხლის

დაეცა წვეთი.

მას შემდეგ მეტი

არ მეფერების,

თუნდ ერთი წვეთი

ბედნიერების!”

ხშირი ზეფირი

ტირის, ვით სირი,

ჩივის და ოხრავს

გვადალკვივირი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1484 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

გეძებდი ყველგან... მახრჩობდა სიცხე

და მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა.

მე ყველაფერი გადავივიწყე,

არ არის ზეცა... არ არის ბინა.

არის ჩვენ შორის მთელი კედელი

და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი.

ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვნეტელი,

ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი.

ო, მე იმედი დავკარგე ზეცის:

არც მინდა შენი ყალბი ტახტები;

მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცის -

მტვერი იყავი, მტვერი გახდები.

არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი,

მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა,

აპოკალიპსის მძაფრი მხედარი

ვინც ქაოსებში შემოაჭენა.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1850 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

გადმოფრენას ეს ყორანი

მადათოვზე აპირებს,

გაანათებს რესტორანი

ტივებიან ნაპირებს.

ასე მიდის ეს ზამთარი

სიზმარივით მდევარი,

ასე რეკავს საზანდარი -

უქმი, შემაქცევარი,

რომ ისმოდეს საიათნოვას

დაჟანგული ჰანგები,

მიეთოვოს, მოეთოვოს

კედლებს ფარშავანგები.

სული სტირის და როს ნანას,

კოჭლო საჰაკ, ჰპირდები,

დაანებე ფიროსმანას

სევდიანი ტვირთები,

რომ წავიდეს ეს ზამთარი

სიზმარივით მდევარი,

რომ რეკავდეს საზანდარი

უქმი, შემაქცევარი.

ოცნებაო, ჩემო ძველო,

ვართ ღამეთა მთეველი,

კიდევ ბევრი სადღეგრძელო

დაგვრჩა დაულეველი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 3950 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (9)

გაგონდება თუ არა

კარალეთის დღეები,

მთების ლურჯი კამარა -

უცხო სამოთხეები?

კიდევ შეგრჩა თუ არა

მხიარული თვალები?

თუ დრომ გადაუარა

და ჩაუქრო ალები?

მივდიოდით მხარდამხარ

და დრო გვეუარესა,

აწ არ ვიცი სადა ხარ

და რომელსა მხარესა.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 3503 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

აფხაზეთის წვიმა მიყვარს,

იცი რად?

მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე

ხმაურობს.

ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი

და წკირად

მასზე ზვირთი დადის და

მოგზაურობს.

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

წვიმა მოდის, კოკის პირით

იღვრება,

ხმა შრიალებს დაფნისა და

ლიანის,

და ღრუბლიდან ეშხით

გადმოიხრება

მოგონება სიყვარულის

მზიანის.

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

ო, შუშხუნებს ახალგაზრდა

მაჭარი.

ის ხმაურობს, ის განიცდის

თავის დროს,

გამოვიდეს რომელიმე

ვაჭარი

და ამ წვიმის პოეზია

უარყოს!

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 3639 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (1)

არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა!

როდესაც სიტყვა დაიბადება,

სიმართლის ალი, როგორც ბურუსი

ისე ირღვევა და იფანტება.

მხოლოდ თვალებით, მაგ განუსაზღვრელ

სევდის მორევში მცურავ თვალებით,

მითხარი რამე, თორემ სულს დავლევ

გამოურკვეველ ქენჯნა-წვალებით.

მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,

შენზე ოცნებით დაიწვა იგი.

განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს

სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი.

და ზექვეყნიურ სიყვარულით მწვავს

გამოუთქმელი და მწარე ალი,

სადაა სიტყვა, რომ ამოაშროს

გულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი?

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1658 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ამაოებავ! ვგრძნობ, რად არ აჰგვი

ფერფლს, თრთვილივით რომ დაჰფარა ჯვარი.

დაიძვრი მარჯვნივ - დაგწევს არაგვი,

გაიწევ მარცხნივ - დაგხვდება მტკვარი.

მოუხვევ - და გზას გადაგიჭრიან

გათხრათა ფშნები, როგორც არხები.

არ მიხვალ - ლალნი თვალებს გიჭრიან,

მიხვალ და - ცოცხლად დაიმარხები.

თუ იტყვი ძველი გზებით დახევას,

შენს აქ მომგზავნელს რას ეუბნები?

თვით მცხეთა შიგნით დაგშლის ნახევარს,

ნახევარს - მცხეთის გარეუბნები.

ზე აიხედავ - სივრცეა ზეცის,

ძირს დაიხედავ - რა გეფიცება?

მკვდარს - გვერდზე წვენილს, ხელფეხმოკეცილს -

ორმო-სამარხში გაეღვიძება!

ხმალს მივარდება მტერთ სამუსვრელად -

მტკვარი მოხვდება ხელთ ბრინჯაოსი

და ცხარე ბრძოლის იქცევა ველად

ველი სამთავროს სასაფლაოსი.

სვეტიცხოვლიდან შეხედავ ტყე-ველს

ძვირფასი ქვებით მოოჭვილ ჭაღში -

და ივერიის როსმე უძლეველთ

გმირთ წინ მიუძღვის თვით პიტიახში.

ახ, მტერი, მტერი, ის ტყისკენ იხევს,

არმაზის ხევით მისდევს წვალება,

მაგრამ უძლეველს არმაზის ციხ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1699 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ამ ოდესმე მხიარული

გზით უყვარდათ სიარული;

აწ გზა მიტოვებულია,

როგორც ძველი სიყვარული.

მაგრამ ყველაფერი ძველი

ამოა და სასურველი:

ძველი პური, ძველი ღვინო,

ძველი სტუმარ-მასპინძელი.

ძველებური მიყვარს სუფრა

და სიმღერა, მაგრამ უფრო

მიყვარს ეს ხე, რომ არც ვიცნო

და არც გამოვესაუბრო.

შემოდგომავ, მოდი, გელი,

მომაწოდე შენი ხელი,

მიყვარს ყველაფერი სადა,

მიყვარს ყველაფერი ძველი!

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2139 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო,

დღისით მზევ, ღამე მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო!

შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თაყვანსვსცემ შენსა სახელსა;

დედის ერთა ვარ, ნუ მამკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა!

ღარიბი ვინმე მოვსულვარ, სოფლისა მუშა საწყალი,

ამხანაგად მყავს ნაბადი, ძმობილად — ბასრი ხანჯალი,

მე სხვა სიმდიდრე რად მინდა? მე შენი გულიც მეყოფის,

მის ფასი კიდე საუნჯე ცას ქვეშეთ განა იმყოფის?

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1799 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;

მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.

ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,

და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!

მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით,

მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით;

გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით,

ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით!

მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს,

რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს;

ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს,

მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს!

მაგრამ საწუთო განა ვისმეს დიდხანს ახარებს?

განქრა ტაძარი — და უდაბნო ჩემდა მდუმარებს;

მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არ ასადარებს,

მის ნაცვლად სევდა და წყვდიადი დაისადგურებს!

მოისპო მსწრაფლად მისი ნაშთი და მისი კვალი!

განა თუ დრომან დაჰკრა თვისი მას ავი თვალი, —

არა! მოსძაგდა მას სოფელი ცრუ და მუხთალი!

დამშთა მე მხოლოდ მის ლამპრისგან ცეცხლი დამქრალი!

ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი! < ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 6194 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (1)

დამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილი,

მაცხოვლებელი სიცოცხლის, სუნნელებითა აღვსილი.

იგი ნიადაგ ციურთა ცვართაგან იყო ნამილი;

დრომ უჟამურმან აწ ცრემლით შესვარა მისი ადგილი.

აწცა თუ სადმე ვიხილავ მისს ფურცელს, მისსა დანაჭკნობს,

მოძულებული სიცოცხლე მყისვე კვალადცა დამატკბობს.

მაგრამ მსწრაფლადვე გახშირდნენ მწარენი ჭირნი გულისა,

რა ფიქრთა წარმოუდგებათ დაკარგვა სიხარულისა.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1643 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი,

მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი,

დიდ სამქუხარო, საავდარო, და მეც გლახ გული

მსწრაფლ განმითენა, შავ-ბედისგან დაღამებული!

ნუ თუ აღმიჩნდი ცხოვრებისა ჩემის მნათობლად;

ნუ თუ შენ ჰფინო შვების სხივი ჩემს გულსა კვალად;

კვლავ აღმიტეხო გულის ჭირნი მიყრუებულნი

და განმიახლო ნეტარების დღენი წარსრულნი?

მაშ გამობრწყინდი, მფინე შუქი ეგ საოცარი

და განანათლე კვლავ ცა ჩემი, ესრეთ საზარი!

მეცა ხელი ვჰყო დაჟანგებულს ჩემსა სანთურსა

და შევაერთო ფიქრნი ჩემნი შენს ხმას ციურსა!

დავმღერდე მას დროს, როს ვარსკვლავი მშვენიერის ცით

მინეტარებდა სიცოცხლისა დღეთა სიამით;

მოვსთქვამდე, თუ ვით მიმეფარა იგი მსწრაფლ ღრუბელს,

ბოლოს ვუმღერდე შუქსა შენსა შვების მომფენელს!

ვჰფუცავ ძლიერსა სხივსა შენსა, ჰოჲ, მნათო ჩემო!

ოდეს ვიხილო მცირე ბინდი შენს შუქს გარემო,

მყის დამიღამდეს ამ სოფლისა სიამოვნება

და შენთვის დავთმო ტრფობის წინდად ყოვლი დიდება!

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1645 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა:

მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!

მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,

საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.

მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,

რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.

მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი,

რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,

რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს,

და, ერთად შესხივებულნი, შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს!

არეს ავსებდენ სიამით, მცენარეთ განმაცხოვლებლად,

იყვნენ მარადის, უხსნელად, სოფლისა განსათავებლად!

ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?

მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვას ვარსკვლავებრ;

მაშინ ვარდიცა განთიადს ვერღარა გარდაიშალოს

და ცისა ცვარმან მდელოი არღარა გააბიბინოს.

მაშინ შენც სხვათა მოკვდავთა ბანოვანთ მიემსგავსები!

მაშ რად ერჩევი მათ შორის და ციურთ დაედარები?..

მაგრამა მშვენიერე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2834 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0